შესაძლოა ევროკომისიამ საქართველოს სტატუსთან დაკავშირებული საკითხის განხილვა გადადოს და პირობების შესრულების ანგარიში არა მიმდინარე წლის ბოლოს, არამედ 2023 წელს განიხილოს.
ევროკომისიის წარმომადგენელმა, მიხაელ რუპიმ ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტზე განაცხადა, რომ არ დააჩქარებენ საქართველოს პოლიტიკურ ელიტას დეპოლარიზაციის მცდელობებში, ამიტომ გაფართოების პაკეტის პრიორიტეტებზე ანგარიშს 2023 წლისთვის მოამზადებენ.
ამ გადაწყვეტილებას შეფასებები მოჰყვა ქართველი პოლიტიკოსებისგან. ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ უნდა დაუტოვონ გზა, რათა 12 მოთხოვნის შესრულების ვადა გახანგრძლივდეს და ამისთვის სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ.
„ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაკეთდა შემდეგი განცხადება, რომ საქართველოში დეკემბრისთვის შემფასებელთა ჯგუფი ჩამოვა, რომელიც ქვეყანას საბოლოო დიაგნოზს დაუსვამს – შეასრულა თუ არა ქვეყანამ 12 პუნქტიდან გამომდინარე მასზე ნაკისრი ვალდებულებები. ამის შემდეგ ითქვა, რომ შემდგომი პროცედურა შეიძლება, იყოს 2023 წელს, მაგალითად, იანვარში. დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რეფორმები განხორციელდა თუ არა, დეკემბერში გაკეთდება. ამიტომ ნუ ავტეხთ აჟიოტაჟს იმისგან, რაზეც აჟიოტაჟი ასატეხი არ არის. თუ დეკემბერში საქართველო ყველა რეფორმას შეასრულებს, იქნება მხოლოდ პროცედურა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყველა ლიდერი უნდა შეიკრიბოს და თქვას, დიახ, საქართველომ ვალდებულებები შეასრულა და კანდიდატის სტატუსს ვაძლევთ. ეს შეიძლება, იყოს იანვარის მეორე ან მესამე კვირაში. საქართველოსთვის არაფერი შეცვლილა – რეფორმები დეკემბრამდეა გასაკეთებელი. ჯერი ქართველ ხალხზეა და არა ევროპელ პარტნიორებზე. ოლიგარქიული რეჟიმი საკუთარი თავის დეოლიგარქიზაციას არც ერთ შემთხვევაში არ მოახდენს. ამას მათი უკუღმართი, ანტიეროვნული განცხადებები მოწმობს. ამიტომ, ყველა შესაბამისი კანონი უნდა დარეგისტრირდეს პარლამენტში, რომელსაც „ქართულ ოცნების“ ყველა წარმომადგენელი მისცემს ხმას“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.
„ქართული ოცნება“ მოთხოვნების ექვს თვეში სრულად შესრულებას შეუძლებლად მიიჩნევს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ თუ ასე გადაწყვეტს ევროკავშირი, ჩვენი ქვეყნისთვის საგანგაშო არაფერია. ოპოზიციის კრიტიკულ პოზიციას, მორიგ დესტრუქციად მიიჩნევენ და პარალელურად, პოლიტიკურ დეპოლარიზაციაზე ამახვილებენ ყურადღებას.
„გახსოვთ, პოზიცია გვქონდა, რომ ექვს-თვიანი ვადა არ იყო რელევანტური, რომელიც სტატუსის მისაღებად ქვეყნებს ეძლევათ ხოლმე. შეგვიძლია დავასახელოთ რამდენიმე ქვეყანა, რომელსაც ერთი ან ორ-წლიანი პერიოდი მინიმუმ ჰქონდათ განსაზღვრული სტატუსის მისაღებად. კარგია, რომ ეს საკითხი დადგა ევროკავშირში, რადგან ვადა უნდა იყოს რეალური, რომ ქვეყანამ შეძლოს პირობების მაქსიმალურად შესრულება. ნებისმიერ საკითხი, რაც კი შეიძლება ქვეყნისთვის სასარგებლოდ იყოს გამოყენებული, ცდილობენ, ეს ქვეყნის საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. თუ ევროკავშირში ჩაითვლება, რომ საქართველოს ვადა უნდა გადაეწიოს, რათა ევროკავშირში პოზიტიური მოლოდინი აქვთ, რომ ამ ვადაში მოესწროს რეკომენდაციების შესრულება, როგორ შეიძლება, ეს საკითხი მანიპულაციისთვის გამოიყენოს რადიკალურმა ოპოზიციამ? – საუბარი ხომ არ არის „ქართული ოცნების“ ვადაზე? – საუბარია საქართველოსთან მიმართებით ვადის გადაწევაზე. სუბიექტურად და პოლიტიკურად კარგია ოპოზიციის ასეთი არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები, რადგან რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ რადიკალური ოპოზიცია არ ემსახურება საქართველოს ინტერესებს, ცხადი ხდება მათი საჯარო განცხადებებიდან. მათი ანტისახელმწიფოებრივი კომენტარებით გვეხმარებიან, მეტი მტკიცებულებების წარმოდგენა არც კი გვჭირდება, რომ ეს ხალხი ნამდვილად ანტისახელმწიფოებრივად იქცევა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ევროკავშირის გადაწყვეტილებიდან საქართველოს ამ ეტაპზე არ მინიჭებოდა წევრობის კანდიდატის სტატუსი, რადგან ფუნდამენტური ღირებულებები არის დარღვეული, ორ კვირაზე მეტი გავიდა.
ამ დროში ქართულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ევროსტრუქტურას სავარაუდოდ კვლავ პოლარიზაცია, დაპირისპირება და ერთი საერთო ეროვნული მიზნისკენ ვერ გაერთიანება აჩვენა. ევროკომისია ვადის გახანგრძლივების მიზეზად რეფორმების სათანადოდ განხორციელებისთვის, სწორედ მეტი დროის საჭიროებას ხედავს.
ალეკო გვეტაძე