მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის 8 კანდიდატიდან 6 გააგრძელებს ბრძოლას 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრობის 8 კანდიდატიდან 6 გააგრძელებს ბრძოლას 

გრძელდება კენჭისყრა, რომელმაც კონსერვატიული პარტიის ლიდერი და შესაბამისად დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უნდა გამოავლინოს.

8 კანდიდატიდან 6 კანდიდატი დარჩა. რბოლას გამოეთიშნენ კანცლერი ნადიმ ზაჰავი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი.

დარჩენილ ექვს კანდიდატს შორის ყველაზე დიდი მხარდაჭერა რიში სუნაკს აქვს. მას 88 დეპუტატმა მისცა ხმა. მეორე ადგილზე 67 ხმით პენი მორდონტია. შემდგომ მოდის ლიზ ტრასი 50 ხმით. კემ ბადენოჩს – 40, ხოლო ტომ ტუგენდჰატს 37 ხმა აქვს.

მეექვსეზე კი სუელა ბრავერმანია, რომელსაც მხოლოდ 32 მხარდამჭერი ჰყავს.

პარასკევს, შაბათსა და ორშაბათ საღამოს კანდიდატები პირდაპირ ეთერში დებატებს გამართავენ. ამის შემდეგ კი კენჭისყრის მომდევნო ეტაპები გაიმართება.

თითეული ეტაპის შემდეგ რბოლას ბოლო ადგილზე მყოფი გამოეთიშება. მათი ხმები კი სხვა კანდიდატებზე გადანაწილდება. საბოლოოდ ხუთშაბათს გახდება ცნობილი, რომელი ორი კანდიდატი დარჩება. ისინი მომდევნო 5-6 კვირის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით შეხვდებიან კონსერვატიული პარტიის წევრებს.

გამარჯვებული და, შესაბამისად, ახალი პრემიერ-მინისტრი კი 5 სექტემბერს გამოცხადდება.

მოქმედმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა უკვე დაადასტურა, რომ ის თანამდებობას 6 სექტემბერს დატოვებს.

გამარჯვებულ კანდიდატს ერთი თვე ექნება, რომ მთავრობა ჩამოაყალიბოს და კონსერვატიული პარტიის კონფერენცია ოქტომბრისთვის დაგეგმოს.

ახლა ყველზე მეტად საზოგადოებას ის აინტერესებს, თუ ვის მისცემს ხმას რბოლას გამოთიშული ორი კანდიდატი.

ჯერემი ჰანტმა მხარი რიში სუნაკს დაუჭირა. ნადიმ ზაჰავის კი განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

კანდიდატებმა ასევე ყურადღება უნდა გაამახვილონ კონსერვატიული პარტიის წევრებზე. სწორედ ეს 180,000 წევრი წყვეტს მათ მომავალს და არა ქვეყნის 65-მილიონიანი მოსახლეობა.

ამ მომენტისთვის კი კანდიდატები ერთ საკითხზე – გადასახადებზე ვერ თანხმდებიან. რიში სუნაკს, რომელიც პანდემიისას კანცლერი იყო, მიაჩნია, რომ გადასახადების სწრაფად შემცირება ფანტასტიკის სფეროა. მისი თქმით, პრიორიტეტი ინფლაციის დარეგულირება უნდა იყოს.

დანარჩენი კანდიდატები კი ამბობენ, რომ ისინი მალევე შეამცირებენ გადასახადებს. მათ მიაჩნიათ, რომ სწორედ გადასახადის შემცირებაა ინფლაციასთან ბრძოლის საუკეთესო გზა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend