კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ბორის ჯონსონის შემცვლელის ასარჩევად პირველი კენჭისყრა დღეს, 13 ივლისს გაიმართება.
კომიტეტმა 24 საათით ადრე გამოაცხადა, რომ 11 კანდიდატიდან მხოლოდ 8 გავიდა ოფიციალურ კენჭისყრაზე, რომელშიც კონსერვატორი დეპუტატები მიიღებენ მონაწილეობას.
358-მა დეპუტატმა სასურველ კანდიდატს უნდა მისცეს ხმა. ის, ვინც კენჭისყრის პირველ რაუნდში კონსერვატორი დეპუტატების 30 ხმაზე ნაკლებს მიიღებს, რბოლიდან გამოირიცხება.
იმ შემთხვევაში, თუ ყველა კანდიდატი დააგროვებს 30 ხმას, პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე ბრძოლას ვეღარ გააგრძელებს ის, ვისაც ყველაზე ნაკლები ხმა ექნება.
კენჭისყრა იქამდე გაგრძელდება, სანამ ორი კანდიდატი არ დარჩება. ამის შემდეგ ჩატარდება კენჭისყრა, რომელშიც დიდი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის ყველა წევრი მიიღებს მონაწილეობას.
კენჭისყრის საბოლოო შედეგი და ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 1 სექტემბერს გახდება ცნობილი.
კენჭისყრის დაწყებამდე პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრობის თითოეული კანდიდატი.