მთავარი აზია დუბაი დუბაის რობოტები

დუბაის რობოტები

დუბაი, როგორც ტექნოლოგიურად ძალიან განვითარებული და მომავალზე ორიენტირებული ქალაქი, ყოველმხრივ ცდილობს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მოწინავე ჭკვიან ქალაქად იქცეს, სადაც რობოტები სულ უფრო მეტად იქნებიან ჩართული ყოველდღიურ ცხოვრებაში. ერთ-ერთი სფერო, რომელშიც რობოტები არსებით როლს თამაშობენ, არის ჯანდაცვა. საამიროებში   რობოტული ქირურგიის პირველი სპეციალისტი უროლოგიის განხრით ამჟამად იყენებს  მეოთხე თაობის რობოტულ სისტემას, რომელიც  NASA-მ შექმნა. ეს სისტემა, რომელსაც Da Vinci Xi-ი ეწოდება, დღეს ყველაზე განვითარებულ სისტემად ითვლება.

იასერ საიდი, დუბაის საავადმყოფოს უროლოგი და რობოტული ქირურგიის სპეციალისტი:

„და ვინჩის სისტემის უპირატესობა ის არის, რომ ის ქირურგს იმ რთული პროცედურების ჩატარებაში ეხმარება, რომელთა დროსაც კლასიკური მიდგომა არ გამოიყენება. კლასიკური ქირურგიის უპირატესობა ლაპაროსკოპიასა და რობოტულ ქირურგიასთან შედარებით  შემცირებულია. რობოტული სისტემის საშუალებით პაციენტი საავადმყოფოში უფრო მცირე ხნით რჩება, ნაკლებ სისხლს კარგავს,  ოპერაციის შედეგი უკეთესი აქვს და უფრო სწრაფია გამოჯანმრთელების პროცესი. ლაპაროსკოპიის ბუნებრივი გაგრძელება რობოტული ქირურგიაა და ქირურგების უმეტესობა თანდათან სწორედ ამ მიმართულებას ირჩევს.“

კომპანია  DG World  წარმოების ავტონომიურ სისტემაზე გადაყვანაზე მუშაობს. ამიტომ კომპანია ქმნის თვთმავალ სატვირთოებს, მცირეგაბარიტიან  გადასაზიდ ტრანსპორტს და რობოტ ამწეებს. ამ კომპანიის მიერ შექმნილი რობოტი ძაღლი ინსპექტორის ფუნქციას ასრულებს, როგორიცაა დანაშაულის ადგილის დათვალიერება და მაღალი რისკის მქონე ტერიტორიებიდან მონაცემების გამოტანა.

მათიას კრაუსი, DG World-ის გენერალური მენეჯერი:

„დღეს მივიდნენ იმ დასკვნადმე, რომ ეს ტექნოლოგიები უკვე საკმარისად დახვეწილია, რათა ბაზარზე გავიდეს. ჩვენი მიზანია ისეთი რობოტული სისტემის შექმნა, რომელიც ნებისმიერ გარემოში შეძლებს მოქმედებას, შეეძლება კიბეებზე სიარული, ზოგადად სიარული და  სხვადასხვა ქმედების განხორციელება იმის მიხედვით, თუ რაში გჭირდებათ რობოტის დახმარება. და თუ ამას დავაკავშირებთ იმავე ტექნოლოგიასთან, რომელსაც ავტონომიურ ტრანსპორტზე ვიყენებთ, თუ ამ კომპიუტერულ პროგრამებს შევაჯერებთ, სრულიად განსხვავებული კუთხით შევძლებთ მათ გამოყენებას. ჩვენ გვყავს ისეთი კლიენტებიც, რომლებსაც, მაგალითად, ბირთვული ელექტროსადგურის ინსპექტირება სურთ. საჭიროა რადიაციის დონის მონიტორინგი? ამ შემთხვევაში არ არის საჭირო, რომ იქ ხალხი შეგზავნო  ყოველდღე და დაასხივო. თუ გსურთ დანაშაულის ადგილის დათვალიერება, ჩამონგრეული შენობის ნგრევის ან იქ გაჩენილი ხანძრის მიზეზის დადგენა, იქ ადამიანის ნაცვლად რობოტი უნდა შეუშვა და საფრთხეში არ უნდა ჩააგდო ადამიანი“.

არაბთა გაერთიანებული ემირატების ხელოვნური ინტელექტის სტრატეგია 2031 წლისთვის ქვეყნის  მსოფლიო ლიდერად ქცევას ისახავს მიზნად. დარგის ექსპერტები  განსაკუთრებით დუბაის აქებენ, რომელსაც  მომავალზე ორიენტირებულ  და საერთაშორისო ენერგიით დამუხტულ ისეთივე აზრის სამჭედლოდ თვლიან, როგორიც „სილიკონ ველია“.

Arious Holding-ში შემავალ კომპანია Singularious-ს  რობოტები და ხელოვნური ინტელექტი ახალ საფეხურზე აჰყავს, რაც უფრო მეტია, ვიდრე ჭკვიანი ქალაქის კონცეფცია. ეს ჯგუფი საამიროებში  მსოფლიოში პირველად ქმნის ისეთი გონიერი ქალაქის დიზაინს, რომელიც საკუთარ თავზე დამოუკიდებლად ფიქრობს და რომელიც საზოგადოების განვითარების ტრადიციული კონცეფციის გარდაქმნას აპირებს.

კრის რობერტსი, Singularious-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე:

„შემდეგი საფეხურია ისეთი ქალაქის შექმნა, რომელიც დამოუკიდებლად ფიქრობს საკუთარ თავზე. ეს არის გონიერი ქალაქი, რომელიც მუდამ მომავალზეა ორიენტირებული და  სულ მომავალზე ფიქრობს. კონცეფციის ეს მხარე ძალიან მომწონს, რადგან ეს განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა ვაშენოთ საზოგადოება, როგორ ვიცხოვროთ  და ვიმუშაოთ როგორც საზოგადოებამ და წინ წავიდეთ. ჩემი აზრით, ეს უზომოდ კარგი განცდაა, როდესაც ისეთ მდგომარეობაში იმყოფები, რომ ყველაფერი, რაც მოტივაციას გაძლევს, რაც შენობებსა და გარემოს ქმნის, იმას ემსახურება, რომ ცხოვრებით უკეთ დატკბე. ძალიან მარტივად რომ ვთქვა, აი, ასეთია გონიერი ქალაქის მოტივაცია. შეიძლება, ჩაუღრმავდე ტექნიკურ ასპექტებსაც,  როგორებიცაა ჯანდაცვა, ნარჩენების მართვა, გარემოსა და სოციალურ საკითხებზე გავლენა. ყველაფერი ეს, გონიერი ქალაქიდან გამომდინარე,  სარგებელია, რომელიც შეგიძლია მიიღო, როგორც პიროვნებამ.  როგორ უნდა გახადო შენი ცხოვრება  უფრო მიმზიდველი და უკეთესი?  ჩემი აზრით, სწორედ ამაზე უნდა იყოს გონიერი ქალაქი ორიენტირებული.“

ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით მოსალოდენლია ძალიან სწრაფი წინსვლა. რობოტები უკვე მთელ რიგ წამყვან ინდუსტრიებზე ახდნენ გავლენას საამიროებში, იქნება ეს წარმოება და ქირურგია თუ უსაფრთხოება და მიტანის სერვისი.

ხალიფა ალ ქამა,  დუბაის მომავლის ლაბორატორიის დირექტორი:

„დუბაი უკვე 20 წელია მიდის ამ მიმართულებით და ცდილობს, თავის მოქალაქეებს ციფრული მომსახურება მიაწოდოს და ყოველმხრივ კომფორტი შეუქმნას. ამის შედეგად განვითარებული ინფრასტრუქტურა უკვე საშუალებას გვაძლევს, რომ რობოტები შემოვიყვანოთ საზოგადოების სამსახურში, რათა ახალი ტიპის მომსახურება მივიღოთ ან ისეთი სერვისი გავაუმჯობესოთ, რომლის განვითარებაც საწარმოს ან მთავრობას სურს. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენი სამყარო შეიცვალა და აშკარად დავინახეთ, რომ საჭიროა, ხალხისა და საქონლის გადაადგილება უფრო გამარტივდეს. რობოტექნოლოგია ნამდვილად შეცვლის გარემოს  ათ წელიწადში. დუბაიში  ძალიან გაგვიმართლა, რომ დუბაის მოსახლეობას ძალიან მოსწონს ტექნოლოგიებთან, განსაკუთრებით რობოტებთან ურთიერთობა. აქაურები დიდი ენთუზიაზმით მუშაობენ რობოტებთან ერთად და სიამოვნებით საუბრობენ მათზე. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რობოტები განვიხილოთ, როგორც მანქანა ან იარაღი, რადგან სწორედ ესაა მათი არსი. უბრალოდ  ცოტა უფრო რთული მექანიზმებია, ვიდრე აქამდე ვიყავით მიჩვეული.“

რობოტები სულ უფრო სწრაფად ინერგება ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში.  დუბაის კი, როგორც ჩანს, სწორი მიდგომა და სტრატეგია აქვს, რათა  ქვეყანა იმ მომავლისკენ წაიყვანოს, სადაც ადამიანის თანაშემწე რობოტი იქნება.

ავტორი: ლაურა ბაკველი

უახლესი

სხვა ამბები

დუბაიდუბაი
Send this to a friend