ისინი საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას იცავენ, მათ თავდაცვის ძალები ჰქვიათ და აქ ბევრი ქალი ჯარისკაცია. ქალები არიან ყველგან – სახმელეთო, საჰაერო, სპეციალური ოპერაციების ძალებში თუ ეროვნულ გვარდიაში. ქალები ხდებიან კაპრალები, სერჟანტები, ლეიტენანტები, პოლკოვნიკები და გენერლები. ამბობენ, რომ ბრძოლის ველზე ყველა თანასწორია.
28 წლის ანა ფირცხალავა უკვე ლეიტენანტი და ოცეულის მეთაურია. სპეციალური სწავლებების დროს ევალება საბრძოლო ამოცანების განსაზღვრა, ქვედანაყოფის გაწვრთნა, ველზე საცეცხლე პოზიციების დაკავება და რაც მთავარია – დიდი გამძლეობა. ანამ უკვე მოირგო მძიმე ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი და საბრძოლო იარაღი, კომანდების გაცემას კი ჯერ ისევ ეჩვევა.
ლეიტენანტი ფირცხალავასთვის ახლა პირველი სამხედრო სწავლებაა ოცმეთაურის რანგში. მისი ქვედანაყოფი ნელ-ნელა უნდა შეეწყოს მეთაურ ქალს.
„ჩემთვის, როგორც ოცმეთაურისთვის, ეს პირველი საველე სწავლებაა, ამიტომ ჯერ ყველაფერი ახალი და უცხოა. ჩემს პირად შემადგენლობასთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ ვსწავლობ ყველაფერს. ჩვენი მიმართულება – არტილერია არის ერთ-ერთი უძლიერესი მექანიზმი საომარ სიტუაციებში, რომელიც ყოველთვის გადამწყვეტ სიტყვას ამბობს – არტილერია ომის მეფეა“ – ასე ფიქრობს ლეიტენანტი ფირცხალავა.
28 წლის სამხედრო მოსამსახურე მიიჩნევს, რომ ქვეყნის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად ქალს და მამაკაცს თანაბარი პასუხისმგებლობა აქვს. ასეა ჯარშიც.
„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს სამხედრო მოსამსახურე ქალია თუ კაცი – ამას იმთავითვე იაზრებ, როცა იღებ გადაწყვეტილებას – ჩაიცვა სამხედრო ფორმა. როცა ჯარისკაცი დებს ფიცს, იქ არის ერთი პუნქტი – „მე ვარ იქ, სადაც ჩემს სამშობლოს სჭირდება“. იქნება განგაშის ზარი? გავჩნდებით იქ, სადაც ჩვენს სამშობლოს დასჭირდება“ – აბობს ლეიტენანტი ფირცხალავა.
ანას მიაჩნია, რომ კარგად აქვს გააზრებული რისკებიც. იცის, რომ შესაძლოა მისი სიცოცხლე ნებისმიერ დროს დადგეს რისკის ქვეშ.
„რა თქმა უნდა, გააზრებული მაქვს, რომ ჩემი სიცოცხლე მე არ მეკუთვნის. როცა ფაქტის წინაშე დავდგებით, არავინ იცის ვინ რას გააკეთებს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან, მე არ დავაკლებ ცდას და მონდომებას რომ პირნათლად მოვიხადო ჩემი ვალი ქვეყნის წინაშე“ – ამბობს ახალბედა ოცმეთაური.
ანას სამომავლო გეგმებსა და კარიერულ მიზნებზე საუბარი ჯერ არ სურს, მაგრამ ის კი დანამდვილებით იცის, რომ ყოველთვის სიამაყით იტყვის – „ვემსახურები საქართველოს“.
ნანუკა მეშველაშვილი