კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიასაშუალებები ფეისბუკსა და ტვიტერზე აქტიურობას აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ეს პლატფორმები რუსეთში აკრძალულია.
უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულმა ომმა ციფრულ სამყაროში უპრეცედენტო ცვლილებები გამოიწვია. სოციალურ ქსელების ადმინისტრაციებმა რუსული დეზინფორმაციის შეზღუდვის მიზნით დააწესეს ნორმები, მონიშნეს მთავრობის მიერ კონტროლირებადი მედიები და წაართვეს მათ რეკლამის შესაძლებლობები.
საპასუხოდ კრემლმა ფეისბუკი, ტვიტერი და ინსტაგრამი ექსტრემისტულ ორგანიზაციებად გამოაცხადა და მისი გამოყენება აკრძალა.
როგორც ატლანტიკური საბჭოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის კვლევაშია აღნიშნული, პროკრემლისტური მედიისთვის, ტრაფიკის ანუ ვებგვერდებზე ხალხის შესვლის მთავარი გზა აღმოჩნდა ქსელი ვკონტაქტე და იანდექსი.
ასევე, ტვიტერი და იუტუბი, ხოლო დამოუკიდებელი რუსული მედიისთვის, ვიკიპედიას და ტვიტერს გადაჰყავდა მკითხველი ვებგვერდებზე. კრემლისტური მედია რჩება პლატფორმაზე, რათა მისწვდეს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს, ხოლო დამოუკიდებლები ვკონტაქტეს საშუალებით აწვდიან ინფორმაციას რუსეთში მცხოვრებ მომხმარებლებს.
ამასთან საგრძნობლად იზრდება VPN-ის მომხმარებელთა რაოდენობა, რითაც მომხმარებელს შეუძლია, დამალოს IP- მისამართი და ოპერატორი ამ დროს ვეღარ ხედავს, თუ რომელი ქვეყნიდან ხდება სოციალურ ქსელში შესვლა.