კარლოვი-ვარის 56-ე საერთაშორისო კინოფესტივალი უკრაინის ომს ეხმაურება.
ფესტივალზე სიტყვით გამოვიდა ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი ლიევ შრაიბერი, რომელიც წარმოშობით უკრაინელია.
მას აქვს საქველმოქმედო პროექტი, სახელწოდებით Blue Check Ukraine, რომლის მიზანი უკრაინიდან წამოსული ლტოლვილების დახმარებაა.
„უკრაინელები ყველაზე მოტივირებული და გასაოცარი ადამიანები არიან. უკეთესი იქნება, თქვენი ფული დიდ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციებს კი არ გადასცეთ, არამედ შეეცადოთ და იპოვოთ გზა, თუ როგორ დაეხმარებით პირადად ამ ადამიანებს. ჩვენი პროექტის მიზანიც ესაა“, – ამბობს მსახიობი.
ოდესის ტრადიციული საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელზეც უკრაინული ფილმებია წარმოდგენილი, ომის გამო არ ტარდება. ორგანიზატორებს იმედი აქვთ, რომ ომში გაიმარჯვებენ და ფესტივალის მოწყობას მომავალი წლის ივლისში შეძლებენ.
კარლოვი-ვარის ფესტივალი ეხმარება უკრაინელ კოლეგებს საინფორმაციო პანელის „დადექი უკრაინის გვერდით“ (Stand With Ukraine) ორგანიზებაში. ისინი ასევე აწყობენ სპეციალურ ჩვენებებს, რომლებზეც წარმოდგენილია რვა დაუმთავრებელი უკრაინული ფილმი.
“ჩვენი მიზანია, შევეცადოთ და მხარი დავუჭიროთ ამ პროექტების ბოლომდე განხორციელებას. რათა მათ დაასრულონ ფილმებზე მუშაობა. ახლა თანხები მხოლოდ ომისთვის გამოიყოფა, ფილმების გადაღება კი შეჩერებულია”, – წუხს კინოინდუსტრიის დეპარტამენტის დირექტორი ჰუგო რუსაკი.
ამ ფილმების საერთაშორისო სივრცისთვის გაცნობა მათ შანსს აძლევს, უკრაინის კინოინდუსტრიას თავიანთი ნამუშევრებით დაეხმარონ.