დიდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადადგომას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრთა კაბინეტი უკვე 40-ზე მეტმა მაღალჩინოსამა დატოვა. ისინი არ აპირებენ სკანდალებში გახვეულ ხელმძღვანელთან თანამშრომლობას.
ბორის ჯონსონმა მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ინდივიდუალური შეხვედრები გამართა. ზოგი ნდობას უცხადებს, ზოგი კი მას გადადგომისკენ მოუწოდებს.
პრემიერ-მინისტრმა გაათავისუფლა ერთ-ერთი კრიტიკოსი მაიკლ გოუვი. მას ბორის ჯონსონმა გველი უწოდა.
გუშინ, 6 ივლისს თანამდებობები დატოვეს ჯანდაცვის მინისტრმა საჯიდ ჯავიდმა და ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა. მათ განაცხადეს, რომ არსებულ მინისტრთა კაბინეტში კეთილსინდისიერად მუშაობის გაგრძელება აღარ შეუძლიათ.
მინისტრების გადადგომა უკავშირდება სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ სკანდალს. საქმე ეხება „კონსერვატორების“ პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერს, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობა 30 ივნისს დატოვა. ბორის ჯონსონმაც საზოგადოებას მოუბოდიშა, რომ კრის პინჩერის მთავრობაში მუშაობის გამო.
,,გულწრფელად მინდა გითხრათ, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა რთულ ვითარებაში ითვალისწინებს წინსვლას და ეს არის ის, რასაც მე ვაპირებ“- განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გადადგომას ოპოზიციის წარმომადგენლებიც ითხოვენ.
მომავალ კვირას ბორის ჯონსონისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ, მისი მხარდაჭერის იმედი კი ამჯერად ბევრ ადამიანს არ აქვს.