საფრანგეთში Covid-19-ის შემთხვევათა რაოდენობა იზრდება ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა მალე 200 000-ს გადააჭარბებს. აფთიაქებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვერ უმკლავდებიან სკრინინგტესტების ჩატარებას. ქვეყანაში კორონავირუსის (ომიკრონის) მეშვიდე ტალღა იწყება.
„უკვე ერთი კვირაა, რაც იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთაც ტესტირება უტარდებათ. ასევე მოიმატა დადებითი შემთხვევების რაოდენობამ. დღეს, მაგალითად, 30-ზე მეტი ტესტი გავაკეთეთ, მაშინ, როცა ადრე გაცილებით ნაკლებს ვაკეთებდით. ყოველდღე ორიდან ერთი დადებითია ანუ ტესტირებულთა 50% დადებითია, შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად იმატებს”, – ამბობს ფარმაცევტი ერვან გროუდი.
საფრანგეთის ხელისუფლება ისევ იწყებს საუბარს ნიღბების ტარების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით ხალხმრავალ ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
Covid-19-ის დადებითი შემთხვევების რაოდენობა ასევე გაიზარდა გერმანიაში, დღეში თითქმის, 150,000 ინფიცირებულია. ეს შედარებით დაბალი მაჩვენებელია, ვიდრე გაერთიანებულ სამეფოში, სადაც კვირას 154,557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. იტალიაში კი მათი რაოდენობა 132 274 იყო.
ინფექციების აღმავალი ტენდენციაა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ახლა ვირუსის გავრცელებისთვის ყველაზე აქტიური პერიოდია, რადგან ზაფხულის არდადეგების დროს მილიონობით ადამიანი მოგზაურობს. ამას ემატება ისიც, რომ ბევრი მოქალაქე ვირუსისგან თავს აღარ იცავს.