მთავარისაქართველო„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ორგანიზებით საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქცია გაიმართა

„მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ორგანიზებით საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან აქცია გაიმართა

ზუსტად ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თბილისში, „თბილისი პრაიდის“კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” ჩასაშლელად ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა “თბილისი პრაიდის” ოფისები დაარბიეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ მედიის წარმომადგენლებს.

ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან „მედიის ადვოკატირების კოალიციის“ ორგანიზებით აქცია გაიმართა.

ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, გამოავლინოს და სათანადოდ დასაჯოს 5-6 ივლისის მოვლენების დამნაშავეები და ორგანიზატორები.

“ჩვენ ვითხოვთ, რომ შეწყდეს კრიტიკული მედიასაშუალებების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები და სასამართლო პროცესები. ციხიდან გათავისუფლდეს ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია. ხელისუფლებამ გამოიძიოს მედიის წარმომადგენლების მასობრივი უკანონო და ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის საქმეები”,- აცხადებს კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული მასშტაბური ძალადობის დავიწყება და ფაქტების დამალვა, ხელისუფლებისთვის დამაზიანებელი იქნება. ეს კი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირებას გამოიწვევს.

“მათი არჩევანი იყო ის რიტორიკა, რაც ხუთ ივლისს ჰქონდათ. პრაქტიკულად ამ რიტორიკით წაახალისეს ეს ჯგუფები და მიუსიეს ჟურნალისტებს. მათი არჩევანია ის, რასაც აკეთებენ ეს მთელი წელიწადია. ის ჯგუფები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს მართლაც წარმოუდგენელი დანაშაული და მათი ორგანიზატორები არ არიან დასჯილები. ეს არის ხელისუფლების არჩევანი. სამწუხარო არჩევანია,მაგრამ ბუნებრივია ამ არჩევანის ადეკვატურ პასუხს მიიღებენ”,- ამბობს მედიაექსპერტი ზვიად ქორიძე.

“მოთხოვნა არის, რომ გამოძიება ჩატარდეს სრულფასოვნად და დაისაჯონ ორგანიზატორები. ამას ვითხოვთ ჩვენც, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიც. ძალადობა მედიის წინააღმდეგ რომელიც რჩება დაუსჯელი არის სრულიად შეუთავსებელი ჩვენს ევროპულ პერსპექტივასთან“,- განაცხადა ფონდი „ღია საზოგადოება“ მედიის მიმართულების მენეჯერმა ხატია ჯინჯიხაძემ.

გამოძიებას 5 და 6 ივლისის თავდასხმის ორგანიზატორები ერთი წლის შემდეგაც არ გამოუვლენია.

პასუხისმგებლობაში არ არიან მიცემული უშუალოდ ძალადობაში მონაწილეთა ნაწილიც.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საქართველოს პროკურატურასთან სწორედ იმიტომ შეიკრიბნენ, რომ ხელისუფლებისთვის კიდევ ერთხელ შეეხსენებინათ, რომ მათ არ ავიწყდებათ 2021 წლის 5 ივლისი.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend