რუსეთის ჯარებმა აღმოსავლეთ უკრაინის მთავარ სტრატეგიულ ქალაქ ლისიჩანსკზე კონტროლი დაამყარეს.
უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქი უკვე დატოვეს. ამ ინფორმაციას არმიის გენშტაბი ადასტურებს.
ლისიჩანსკში მიმდინარე სასტიკი ბრძოლების შემდეგ უკრაინელი სამხედროების სიცოცხლის გადასარჩენად მათი ქალაქიდან გაყვანა გადაწყდა.
ლუჰანსკის რეგიონში ლისიჩანსკი ბოლო დიდი ქალაქი იყო, რომელსაც ჯერ კიდევ უკრაინელები აკონტროლებდნენ. მისი დაპყრობა რუს სამხედროებს შესაძლებლობას მისცემს, უპირატესობა მოიპოვონ კრამატორსკსა და მეზობელ დონეცკში.
კვირას კიევში ავსტრალიიის პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანესი პრეზიდენტ ზელენსკის სამხედრო მხარდაჭერას დაჰპირდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღიარა, რომ რუსული ჯარები წინ მიიწევენ.
“არსებობს რისკები, რომ ლუჰანსკის რეგიონს მთლიანად დაიკავებენ. ამის საფრთხე ნამდვილად არის და ეს ჩვენ კარგად გვესმის“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი კიევში ვიზიტამდე ეწვია ირპინს – უკრაინის რეგიონის ერთ-ერთ განადგურებულ ქალაქს. მისთვის წარმოუდგენელი იყო დაბომბვის შედეგად დანგრეული საცხოვრებელი შენობების ნახვა. მისი შეფასებით, ეს “ომის დანაშაულია”.