ცხრათვიანი მეცადინეობა უკვე დასასრულს უახლოვდება. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც აბიტურიენტების ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება.
დღეს, ოთხ ივლისს საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. გამოცდის დაწყებამდე აბიტურიენტებმა თავიანთი განწყობის შესახებ გვიამბეს.
აბიტურიენტებთან ერთად არანაკლებ ნერვიულობენ მათი მშობლებიც, რომლებიც გამოცდის დასრულებას საგამოცდო ცენტრთან უცდიან.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 22 ცენტრია გახსნილი.
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე კი აბიტურიენტთა უპრეცენდენტოდ მაღალი რაოდენობა – 41 ათასზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.
2022 წლის გამოცდებზე მოხსნილია პანდემიასთან დაკავშირებული ის რეგულაციები, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში მოქმედებდა.
გამოსაცდელებს შეუძლიათ მხოლოდ სურვილის შემთხვევაში ჰქონდეთ პირბადე.
ხოლო მათ, ვისაც ოფიციალურად დაუდასტურდებათ კოვიდ-19, ისინი საგამოცდო პროცესს არ გამოეთიშებიან.
მათთვის დამატებით შესაბამისი საგნის ერთი საგამოცდო სესია ჩატარდება ინფიცირებიდან არანაკლებ 7 დღის გასვლის შემდეგ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისამდე გაგრძელდება.
ნინი დვალიშვილი