უკვე რამდენიმე დღეა, სახალხო მოძრაობა „შინ, ევროპისკენ“ საინფორმაციო შეხვედრებს მართავს ევროინტეგრაციის პერსპექტივის შესახებ.
თუმცა, მათი შეხვედრები ბევრ ქალაქსა და სოფელში ინციდენტების ფონზე მიმდინარეობს.
მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლების მხარდამჭერები თუ, ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლები, ამ შეხვედრების ჩაშლას ცდილობენ.
„მოქალაქეები, რომლებიც ძალიან მშვიდობიანი გზით აპროტესტებენ იმ უსამართლობას, რასაც ქვეყანაში ხედავენ, ხელისუფლება ცდილობს, სწორედ ეს მშვიდობიანი მოქალაქეები ჩაითრიონ გარკვეული ტიპის ძალადობრივ სცენარში და სწორედ ამის გამოვლინება იყო, მაგალითად, ამ დღეებში თავდასხმები სტუდენტებზე, ცნობად სახეებზე, პოლიტიკოსებზე, ვინც ამ კამპანიაშია ჩართული ენთუზიაზმით“, – აღნიშნა „სირცხვილიას“ დირექტორმა, გიორგი მჟავანაძემ.
მოძრაობა „შინ ევროპისკენ” მოუწოდებს მმართველ პარტიას, შეწყვიტოს პროვოკაციები, რომელიც, მათივე თქმით, უკიდურესად აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას.
„შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილეების მიმართ შესაძლო თავდასხმების შესახებ განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმაც გაავრცელა.
„საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, შესაბამისი რესურსის მობილიზებით, ხელი შეუწყონ მოძრაობა „შინ ევროპისკენ“ მიერ წარმოებული საინფორმაციო კამპანიების მშვიდ და უსაფრთხო ვითარებაში წარმართვას და დროულად აღკვეთონ მის წინააღმდეგ გამოვლენილი სამართალდარღვევები, დანაშაულებრივი ქმედებები და მათი მცდელობები. ხოლო დანაშაულის შემცველ ფაქტებზე დაიწყოს გამოძიება“, – წერია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების თქმით, მოსახლეობას ამ შეხვედრებზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელთა ხილვა არ მოსწონს და გაღიზიანების საბაბიც სწორედ ეს არის.
„სამწუხაროდ, არის პროცესი, როდესაც რეალურად ამ სამოქალაქო მოძრაობის უკან, გაიშიფრა, რომ დგას „ნაციონალური მოძრაობა“ და მათი ლიდერების ადგილზე გამოჩენას, მოჰყვება ხოლმე გარკვეული კონფლიქტური ვითარებების შექმნა. სხვადასხვა სიმწვავით, სხვადასხვა დოზით“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ.
სამ ივლისს სახალხო მოძრაობის ორგანიზებით რუსთაველის გამზირზე კვლავ შეიკრიბებიან მოქალაქეები. ამჯერად ორგანიზატორები ფიქრობენ, რომ მთელი საქართველოდან.
აქციაზე ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოსთხოვენ, შეიქმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა და გადადგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი.
ანა ალელიშვილი