პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, პრომეთეს მღვიმეში ახლა განსაკუთრებით ბევრი ვიზიტორია.
მღვიმე ყოველდღიურად ასეულობით ტურისტს მასპინძლობს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან – გერმანიიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან.
სტუმრები „ევრონიუს ჯორჯიას” შთაბეჭდილებებს უზიარებენ:
„აი, ასეთ დეტალებშია სილამაზე. გასაოცარი ქვეყანაა საქართველო! ხალხიც ძალიან მეგობრულია“, – გერმანელი ტურისტი.
„ორი რამ მომწონს განსაკუთრებით – საქართველოს ბუნება და ქართველი ხალხი“, – ვიზიტორი ისრაელიდან.
საქართველო მღვიმეების სიუხვით გამოირჩევა, პრომეთეს მღვიმე მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მღვიმე დაახლოებით 60-70 მილიონი წლისაა.
მღვიმეში 22 დარბაზია აღმოჩენილი, თუმცა ტურისტებისათვის ამჟამად 6 დარბაზია გახსნილი, რომლებსაც 1420 მეტრის სიგრძის ბილიკი მიუყვება.
„ეს დარბაზი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ იზრდება სტალაქტიდის პარალელურად სტალაგმიტი, მათ ზრდას კი მოგეხსენებათ, რომ საუკუნეები სჭირდება. თითო სანტიმეტრს ზოგჯერ ასი წელი და მეტი სჭირდება“, – გვიყვება ვიზიტორთა მომსახურების უფროსი სპეციალისტი ბეტო მიქაძე.
მღვიმეს ეროვნული ძეგლის სტატუსი აქვს და ვიზიტორების სიმრავლის გამო აქაურობას განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება.
„მოგზაურობისას ყველა ჯგუფს გამცილებელი მიჰყვება, ინფორმაციას რამდენიმე ენაზე ვაწვდით, რათა ავუხსნათ რამდენად მნიშვნელოვანი და უნიკალურია მღვიმე და მისი ფლორა და ფაუნა. ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ვიზიტორები ჩვენს რეკომენდაციებს“, – ამბობს ბეტო მიქაძე.
ბილიკის გავლის შემდეგ ტური მდინარე ყუმის გამდინარე ნაკადზე სანაოსნო გასეირნებით სრულდება.
„ძალიან შთამბეჭდავი მღვიმეა. წარმოდგენაც მიჭირს, რა იგრძნო იმ ადამიანმა, ვინც აღმოაჩინა აქაურობა“, – ტურისტი ყაზახეთიდან.
ნინი დვალიშვილი