საქართველოში აშშ-ის საელჩოში გამართული მიღების შემდეგ, საელჩოს ტერიტორიაზე “TV პირველის“ დამფუძნებელ ვატო წერეთელსა და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ვატო წერეთელი ამბობს, რომ ანრი ოხანაშვილი და მასთან ერთად მყოფი „ქართული ოცნების“ სხვა დეპუტატები თავს დაესხნენ და იძალადეს. წერეთელი საელჩოს, კადრების გასაჯაროებისკენ მოუწოდებს.
“ოხანაშვილი დაიძრა ჩემსკენ, მოჰყვა ოდიშარია, ზარქუა, მგალობლიშვილი. მომიჭირა ყელზე, დამიწყო გარჩევები. რაღაცებს მიყვიროდა, მერე ხელი მომიქნია სახეში. სანამ აზრზე მოვედი, მეორემ გამწია და მეორემ მომიქნია ხელი. სახეში მომხვდა ორივე. ისე უცებ მოხდა, ერთი ხელი, მეორე და მერე ჭიქა მესროლა. შოკში ვარ, წარმოგიდგენიათ, ეს რომ აშშ-ის საელჩოს ეზოში ხდება, გარეთ რა ხდება?! მივმართავ კელი დეგნანს, საელჩოს ტერიტორიაზე გამისწორდნენ ფიზიკურად, კეთილი ინებეთ და გაასაჯაროვეთ კადრები, მიეცით მედიას კადრები, როგორ უსწორდებიან ქართული ოცნების დეპუტატები ადამიანს”, – განაცხადა ვატო წერეთელმა.
კადრების გასაჯაროების მომხრეა მეორე მხარეც. ანრი ოხანაშვილი თავდასხმის ბრალდებას უარყოფს, თუმცა მედიის დამფუძნებლის მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ადასტურებს. ამბობს, რომ ვატო წერეთელმა ბინძური პროვოკაცია ჩაიდინა და თმენის ვალდებულების მიუხედავად, დეპუტატს თავმოყვარეობა შეელახა, რასაც შესაბამისი ფორმით უპასუხა. თავს დამნაშავედ არ გრძნობს და არც პოლიტიკური პასუხიმგებლობის აღებას – თანამდებობიდან გადადგომას არ აპირებს.
„ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული, როგორ ჩანს, დაგეგმილი უბინძურესი საქციელი. მე ვერ წარმომიდგენია ვერცერთი ადამიანი, ერთი ქართველი ადამიანი მე ვერ წარმომიდგენია, ვინც ამ საქციელთან მიმართებაში რეაქციას ვერ გამოავლენდა. ეს იყო განგრძობადი პროვოკაცია, მიმდინარე, რომელსაც ის აგრძელებდა, შესაბამისად, ამაზე მან მიიღო ადეკვატური, პროპორციული და არა ის ზღვარგადასული ქცევა, რომელიც მან გააკეთა. პროპორციული პასუხი როდესაც გაეცემა შესაბამის ქმედებას, ის არის გამართლებული. ჩემი მხრიდან ადგილი ჰქონდა სიტყვიერ პროპორციულ პასუხს, რაზეც მისი მხრიდან განხორციელდა შესაბამისი ქმედება და იქ მოხდა შეხლა-შემოხლა. გასაჯაროვდეს კადრები, იქ ყველაფერი იქნება“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
მომხდარს ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამიზნულ ქმედებად მიიჩნევს. მმართველი პარტიის ოპონენტები ამბობენ, რომ ხელისუფლება მოქალაქეებს ძალადობისკენ უბიძგებს და არაკანონიერ ქმედებებს ახალისებს.
„შეიძლება ვინმემ თქვას, რომ მეც მქონდა ინციდენტი, მაგრამ მე იმწამსვე ბოდიში მოვუხადე საზოგადოებას და არ დამიწყია თავის მართლება. ამას გამართლება არ აქვს და ანრი ოხანაშვილს და სხვა კოლეგებს ვურჩევ, ვინც ამ ინციდენტში ჩართული იყო, თავის მართლების ნაცვლად, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას. ანრი ოხანაშვილს ამის გაკეთებას ვურჩევ, ვიდრე თავის მართლებას დაიწყებს,“ – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
„ქართული ოცნების“ დეპუტატების უმრავლესობა ამბობს, რომ სასურველია მსგავსი ფაქტები არ მოხდეს, თუმცა მომხდარში ცალსახად ვატო წერეთელს მიიჩნევენ დამნაშავედ.
„არც ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე და არც სხვაგან გამართლებული არ არის ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება. მაინც ვფიქრობ, რომ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მხრიდან ეს იყო პროვოცირებული და დაგეგმილი აქცია და ზღვარგადასული, უტიფარი და უკიდურესად მძიმე შეურაცხყოფა, რომელმაც შეიძლება, ადამიანი წყობიდან გამოიყვანოს. ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილის მიმართ ბილწსიტყვაობა გამოიყენა, სხვა ლოგიკური ახსნა არ აქვს”,- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
ტელევიზიის მფლობელსა და მმართველი პარტიის დეპუტატს შორის მომხდარ ძალადობრივ ფაქტს, მალევე უპასუხა მასპინძელმა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ – „მათთვის ცნობილია ინფორმაცია დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ, და რომ სწავლობენ მომხდარს“.
ორივე მხარის მოთხოვნის მიუხედავად უცნობია, გაასაჯაროებს თუ არა პარტნიორი ქვეყნის საელჩო დაპირისპირების კადრებს.
ალეკო გვეტაძე