მთავარისაქართველო„თბილისი პრაიდის“კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

„თბილისი პრაიდის“კვირეულის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. მასში მონაწილეობა მიიღეს ლგბტქ+  აქტივისტებმა და უფლებადამცველებმა საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, უკრაინიდან, ბელარუსიდან და მოლდოვიდან.

„პრაიდ“ კვირეულის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ ლგბტქ+ თემის წარმომადგენლების უსაფრთხოება და სხვა პრობლემები, აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში ჯერ კიდევ დიდი გამოწვევაა. მათი თქმით, ამ რეგიონებში ლგბტქ+ ადამიანები რუსული აგრესიის პირობებში განსაკუთრებით დაუცველნი არიან.

„პრაიდ“ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ კონფერენციაზე ბევრი დამსწრე იყო. შეხვედრაზე განიხილავდნენ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ლგბტქ+ თემის წარმომადგენლები აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში. კონფერენციის მონაწილეები ამბობდნენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ერთი მიზნის გარშემო გაერთიანება და ახალი გეგმების დასახვა.

“თითოეულმა მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმას თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი პლატფორმები იმისთვის, რომ ერთმანეთს გამოცდილებები გავუზიაროთ. ვისწავლოთ როგორ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, სიძულვილის ენას, ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომელსაც რუსეთი ახორციელებს და რომლის ნაწილადაც აქცევს ჰომოფობიას. ეს კონფერენცია იქნება გამაძლიერებელი, როგორც ჩვენთვის, ქართველი აქტივისტებისთვის, ასევე კონფერენციის თითოეული მონაწილესთვის.”-განაცხადა „თბილისი პრაიდის” თანადირექტორმა ანა სუბელიანმა.

“საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ ერთი მთავარი გზავნილი, რომ ჩვენ ყველანი ვართ განსხვავებული და გვაქვს საერთო მიზანი. ეს არის მშვიდობიან სახელმწიფოში ცხოვრება. დღევანდელი კონფერენციაც სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.”- ამბობს კონფერენციის ერთ-ერთი მონაწილე გოჩა გაბოძე.

შეხვედრას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ყველა ადამიანი იმსახურებს ღირსეულ და თანასწორ მოპყრობას.

“ძალიან მოხარული ვარ რომ მონაწილეობას ვიღებ თბილისი პრაიდის რეგიონულ ღონისძიებაში. კონფერენციის ფარგლებში განხილული იქნება ის პრობლემები და გამოწვევები, რის წინაშეც ლგბტქ საზოგადოება დგას საქართველოში. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ადამიანის უფლებები პრიორიტეტულია. აქ მთავარი გახლავთ ის, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება ეპყრობოდნენ ღირსეულად. ყველა ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს თავისუფლად, შიშის გარეშე. ლგბტქ თემის ეს უფლება არ შეურაცხყოფს სხვის უფლებას, არც კულტურასა და ტრადიციას. ჩვენ საუბარი გვაქვს ფუნდამენტურ უფლებებზე. ადამიანის უფლებებზე, რომელიც განმტკიცებულია როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე საქართველოს კონსტიტუციით. დღეს საკითხი დგას ასე, ადამიანს აქვს უფლება იცხოვროს ღირსეულად, თავისუფლად და შიშის გარეშე.”- განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

“მე ძალიან მოხარული ვარ რომ აქ ვარ და ამ მნიშვნელოვან ღონისძიებას ვესწრები, რომელიც თბილისი პრაიდის ორგანიზებით ტარდება. მე ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს თანაბარი უფლებები. ჩვენ მხარს ვუჭერთ თბილისი პრაიდს, რადგან ყველა ადამიანს აქვს უფლება თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, იყოს დაცული, და ისარგებლოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებებით. ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს რეკომენდაციაა, რომ საქართველოში მოწყვლადი ჯგუფები დაიცვან. ასეთი ღონისძიებების დაცვა გადამწყვეტია.”- ამბობს ნიდერლანდების ელჩი საქართველოში მაიკე ვან კოლდამო.

„პრაიდ“ კვირეულის ორგანიზატორების თქმით, დღევანდელი შეხვედრა  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მიმდინარე კვირეულის ფარგლებში.

ისინი ამბობენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებს დიდი გავლენა ექნება აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების დემოკრატიის ხარისხზე. შესაბამისად, ლგბტქ+ თემის უფლებებზე. სწორედ ამიტომ, კონფერენციის მონაწილეების აზრით, მეტად მნიშვნელოვანია ამ გამოწვევების საპასუხო სტრატეგია შეიმუშაონ.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend