მთავარისაქართველოსასწრაფოს თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს

სასწრაფოს თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გამართეს

სასწრაფო დახმარების ექიმები ამბობენ, რომ მათ არ სურთ გაფიცვა, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ისინი არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის ამ გზასაც მიმართონ

ჯანდაცვის სამინისტროსთან გამართული ორი აქციის შემდეგ დღეს, 29 ივნისს სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტაციასთან გადაინაცვლეს და შემცირებული ანაზღაურება გააპროტესტეს.

მათი მთავარი მოთხოვნა კვლავ ხელფასების 100%-ით ზრდაა. დღეს სასწრაფო დახმარების ექიმებმა და მძღოლებმა პრემიერ-მინისტრის სახელზე ოფიციალური წერილი შეიტანეს მთავრობის ადმინისტრაციაში. ამბობენ, რომ ახლა ირაკლი ღარიბაშვილისგან ელოდებიან იმ პასუხს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსგან უკვე ორი თვეა ვერ მიიღეს.

„აქ რომ მოვსულიყავი, 50 თეთრის ნაცვლად ერთი ლარი გადავიხადე, კომუნალური გადასახადები გაზრდილია, ჰაერიდან არაფერი მოდის. ყველაფერი გაძვირებულია, მით უმეტეს, დედაქალაქში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ შემცირებული შემოსავლის ხარჯზე ხელფასების მატებას. გვინდა, წერილობით გაწერონ, რას გვიპირებენ“, – განაცხადა ნუგზარ ფოცხიშვილმა, სასწრაფო დახმარების უფროსმა ექიმმა.

„სამწუხაროდ, 2-თვიანმა მოლაპარაკებებმა კონკრეტული შედეგი ვერ გამოიღო და ჩვენი პროტესტი აქციების სახით გამოიხატა. ჩვენ ეს არ გვინდა, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს თავიანთი გულგრილობით. დღეს მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, იქნებ, გაითვალისწინოს და პირადად ჩაერთოს ჩვენს საქმეში“, – ამბობს მაია ნაკაშიძე, სასწრაფო დახმარების უფროსი ექიმი.

სასწრაფო დახმარების თანამშრომლები ხელფასების ზრდას უკვე ორი თვეა ითხოვენ. მათი პროტესტი კორონავირუსის  პანდემიის გამო დანიშნული დანამატის შემცირებამ გამოიწვია, რის შედეგადაც როგორც სასწრაფოს ექიმები ამბობენ, მათი ხელფასი განახევრდა.

ექიმების თქმით, სამინისტრო მათი მიზნის შესასრულებლად ერთობლივ მუშაობას დაჰპირდა, თუმცა დაპირება არ შესრულდა. ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ სასწრაფოს თანამშრომლებთან გრძელდება აქტიური მუშაობა, რათა მათი სამუშაო საათები და სახელფასო ანაზღაურება იყოს პროპორციული და სამართლიანი.

სასწრაფოს ექიმების განცხადებით, ისინი 3 კვირის განმავლობაში ელოდნენ ჯანდაცვის სამინისტროსგან გარკვეულ დოკუმენტაციას, რომელიც ხელფასების ზრდის სქემის შედგენაში დაეხმარებოდათ. თუმცა ჯანდაცვის სამინისტრომ დოკუმენტაცია მხოლოდ მაშინ მიაწოდა, როდესაც ექიმებმა საპროტესტო აქციის შესახებ განაცხადეს.  დოკუმენტებთან ერთად კი, როგორც ექიმები ამბობენ, ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღეს ე.წ. რჩევაც, რომ აქციების გამართვა ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს.

„მოთხოვნებში იყო უქმე დღეების ანაზღაურება, მძიმე, მავნე და საშიშ პირობებში მუშაობის დროს შვებულების 10 სამუშაო დღე დამატებოდათ, აგრეთვე, დაზღვევა ჰქონოდათ და ზეგანაკვეთური ანაზღაურებაც მიეღოთ. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ უქმე დღეების ანაზღაურებას დაგვპირდნენ. ოთხ დღეში ერთხელ, როცა ექიმი მორიგეა, შეიძლება, საერთოდ არ დაემთხვეს შაბათ-კვირა და, შესაბამისად, ეს ანაზღაურება არ ექნებათ. მთავარი ის არის, რომ სასწრაფოს თანამშრომლებს ზეგანაკვეთური მუშაობა უწევთ. სასწრაფო და მედიცინა ის სფეროებია, რომ პაციენტს ვერ მიატოვებ მაშინ, როცა შენი სამუშაო დრო სრულდება”, – ამბობს მედიკოსთა პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი ამირანაშვილი.

სასწრაფო დახმარების ექიმები ამბობენ, რომ მათ არ სურთ პროტესტის სახით გაიფიცონ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ მთავრობის მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები არ იქნება გადადგმული, ისინი არ გამორიცხავენ, რომ პროტესტის ამ გზასაც მიმართონ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend