უკვე ორი დღე გავიდა, რაც რუსეთმა ცენტრალურ უკრაინაში ქალაქ კრემენჩუკზე მიიტანა იერიში, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ შეშფოთებულია. დადასტურებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, 20 – ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.
”ამ ეტაპზე 18 ცხედარი აღმოვაჩინეთ. ნაპოვნია კიდევ 8 ადამიანის სხეულის ნაწილები. პოლიციელებმა ზუსტად არ იციან, რამდენი ადამიანის ცხედარზეა საუბარი. ჩვენ ვპოულობთ არა ცხედრებს, არამედ მათ ნარჩენებს. ამ მომენტისათვის აფეთქების ეპიცენტრს ვწმენდთ“, – აცხადებს სამაშველო სამსახურის პრესმდივანი სვიტლანა რიბალკო.
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ჯერ კიდევ მუშაობენ რუსეთის თავდასხმის შედეგად აფეთქებული სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე. ნანგრევების 70 პროცენტამდე უკვე გაწმენდილია.
”ეს სამხედრო დანაშაულია, გენოციდი. ეს დაუშვებელია, რუსეთი უნდა შევაჩეროთ, ნატოსა და გაეროს უნდა მივმართოთ. 21-ე საუკუნეში ასეთი მოვლენები დაუშვებელია. მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება. ძალიან ცუდია, სიტყვები არ მყოფნის”, – წუხს ადგილობრივი ტატიანა ჩერნიშოვა.
უამრავი ადგილობრივი ჯერ კიდევ ელის ინფორმაციას ნათესავებისა და მეგობრების შესახებ. ბევრი მათგანი დანგრეული სავაჭრო ცენტრის შენობის ტერიტორიას არ ტოვებს,ზოგს ადგილზე თაიგულები მიაქვს და მდუმარედ ელის ახალ ამბებს.
”ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ომმა ჩვენს ქალაქამდე მოაღწია. მაგრამ ეს ფაქტია. სიტყვები არ მყოფნის, რატომ ჩაიდინეს ეს? რას ერჩოდნენ მშვიდობიან მოსახლეობას? ჩვენგან ხომ მათ სამხედრო საფრთხე არ ემუქრებოდათ, ისინი ველურები არიან”, – ამბობს ადგილობრივი დენის იპატოვი.
მოსკოვში კი აცხადებენ, რომ ქალაქ კრემენჩუკში სამხედრო საწყობზე მიიტანეს იერიში, სავაჭრო ცენტრის შენობის ნგრევა კი იქ შენახული სამხედრო იარაღის დეტონაციამ გამოიწვია.