მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში რუსული თავდასხმის შედეგად განადგურებულ სავაჭრო ცენტრის შენობაში დაჭრილებსა და გარდაცვლილებს ეძებენ

უკრაინაში რუსული თავდასხმის შედეგად განადგურებულ სავაჭრო ცენტრის შენობაში დაჭრილებსა და გარდაცვლილებს ეძებენ

„ომი ჩვენ არ დაგვიწყია, პირველს არ გაგვისვრია და თავს არავის დავსხმივართ. ჩვენ სამშობლოს ვიცავთ, უკრაინა დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოა. თავდაცვის მიზნით იარაღის ხელში აღებაზე არც დავფიქრებულვართ, არცერთი წამით ეჭვი არ შეგვიტანია ჩვენს სიმართლეში და კონსტიტუციაში. ღმერთი ჩვენს მხარეზეა, ღმერთი ამბობს, რომ სამშობლოს დაცვა წმინდა საქმეა“, – ასე მიულოცა უკრაინის პრეზიდენტმა ერს კონსტიტუციის დღე.

ცენტრალურ უკრაინაში, ქალაქ კრემენჩუკში რუსული თავდასხმის შედეგად განადგურებული სავაჭრო ცენტრის შენობაში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დაჭრილებსა და გარდაცვლილებს ეძებენ.

უკრაინის პრეზიდენტმა თავდასხმას ევროპულ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ტერორისტული თავდასხმა უწოდა, მისი თქმით, თავდასხმის მომენტში სავაჭრო ცენტრში ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა.

„ამ მომენტისათვის არსებული ვითარება შემდეგია, 58 ადამიანს სამედიცინო დახმარება გავუწიეთ, 25 მათგანი მძიმედ არის დაშავებული, სამწუხაროდ 18 ადამიანი დაიღუპა. გრძელდება სამაშველო ოპერაცია, ხანძარი თითქმის ჩავაქრეთ, საერთო ჯამში სავაჭრო ცენტრში თავდასხმისას ათასზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. 36 ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევებშია“, – განაცხადა პოლტავის რეგიონის გუბერნატორმა დმიტრო ლუნინმა.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათმა არმიამ ქალაქ კრემენჩუკში იარაღის საწყობზე მიიტანა შეტევა, სავაჭრო ცენტრის განადგურება კი საწყობში არსებული შეიარაღების აფეთქებამ გამოიწვია.

უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა მოთხოვნით, 29 ივნისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend