მთავარისაქართველოსაქართველოში NATO-ს საპარლამენტო დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი დაიწყო

საქართველოში NATO-ს საპარლამენტო დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი დაიწყო

NATO-ს მადრიდის სამიტიდან მოლოდინები და საქართველოში არსებული ვითარება დემოკრატიის და უსაფრთხოების მიმართულებებით.

ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის (NATO) საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და დეპუტატებს შეხვდნენ.

ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, სტუმრებმა საქართველოში დემოკრატიის მკვეთრ უკუსვლაზე ისაუბრეს და ქართულ მხარეს სასწრაფო რეფორმებისკენ მოუწოდეს. მმართველი პარტიის ოპონენტების თქმით დახურულ შეხვედრაზე, კვლავ ცხარე კამათი მოხდა ოპოზიციასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის. საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების  მიუხედავად დეპოლარიზაციისკენ ნაბიჯის გადადგმის საჭიროებაზე სტუმრებმა მასპინძლებს კიდევ ერთხელ მიუთითეს.

“ისევე როგორც ევროკავშირის მხრიდან, NATO-ს წარმომადგენლებიც მთავარ კითხვად გვეკითხებიან – რატომ დგამს საქართველო უკან ნაბიჯებს დემოკრატიის მხრივ და რატომ გვაქვს ჩავარდნები? ასევე გვეკითხებიან პოლარიზაციაზე, როგორც დემოკრატიისთვის საფრთხეზე, ისევე როგორც დეოლიგარქიზაციაზე. ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ როგორ ვხედავთ საქართველოში ამ და უსაფრთხოების მიმართულებებით გამოწვევებს და რა სამოქმედო გეგმა გვაქვს. სამწუხაროდ, მათ საკუთარი თვალით ნახეს პოლარიზება ამ შეხვედრაზე. რაც რა თქმა უნდა კი არ გვაახლოებს NATO-სთან ან ევროკავშირთან, პირიქით, გვაშორებს“,- განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

NATO-ს წარმომადგენლების მხრიდან გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებსა და მეგობრულ რჩევებზე მედიასთან არაფერი უთქვამს შეხვედრიდან გამოსულ პარლამენტის თავმჯდომარეს. შალვა პაპუაშვილმა ზოგადად ისაუბრა შეხვედრისა და NATO-ს მადრიდის სამიტის მნიშვნელობასა და მოლოდინებზე.

„ამ შეხვედრაზე რა თქმა უნდა ძირითადად ვისაუბრეთ NATO-საქართველსო ურთიერთობებზე. საქართველო, ფაქტობრივად, უკვე სრულად თავსებადია ნატოს სტანდარტებთან. ჩვენი შეიარაღებული ძალების 80%-ზე მეტს სხვადასხვა ფორმით მიღებული აქვს მონაწილეობა ნატოს მისიებში თუ სხვადასხვა სახის ტრენინგებში და ამ კუთხით, თავსებადია. იცით, რომ იყო ერთ სულ მოსახლეზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაწილე საერთაშორისო მისიებში, მათ შორის, ავღანეთში და ამ მხრივ, საქართველო ამტკიცებს, რომ ის, ისე, რომ არ არის ნატოს წევრი, საკუთარი ქცევით, სწორედ პასუხისმგებლობას იღებს, იმავე პასუხისმგებლობას, როგორსაც იღებენ ნატოს წევრი ქვეყნები და არის, არა მხოლოდ, უსაფრთხოების სისტემის მომხმარებელი, არამედ კონტრიბუტორი. აქედან გამომდინარე, მოლოდინები გვაქვს, რომ მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო უფრო მკაფიო გზავნილები იქნება. ახლა მნიშვნელოვანია, რომ სიტყვები გადაიქცეს საქმედ და ნატოს წევრობის გზაზე ჩვენ უფრო ნათელი გზამკვლევი და ნათელი გეგმა მოგვეცეს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის წევრების ვიზიტი საქართველოში სამდღიანია. სამხედრო ალიანსის წარმომადგენლები თითქმის ყველა იმ უწყებას მოინახულებენ, რომლებიც საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებებით მუშაობენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend