მთავარისაქართველოეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება - პოლიტიკურ სივრცეში მთავარი განხილვის თემაა

ეროვნული თანხმობის მთავრობის ჩამოყალიბება – პოლიტიკურ სივრცეში მთავარი განხილვის თემაა

რამდენიმე დღე რჩება საერთო სახალხო მოძრაობის ულტიმატუმის გასვლამდე. მოთხოვნები კვლავ განხილვის მთავარი თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციის დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობა დეოლიგარქიზაციისა და პოლიტიკური ჩიხისგან გამოსასვლელად ერთადერთი გამოსავალია.

„საუბარია ეროვნული თანხმობის მთავრობაზე და მიზანმიმართულად „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობა ტექნიკური მთავრობით ჩაანაცვლოს ამ ორს შორის ძალიან დიდი სხვაობაა. ბრიუსელიდან ვამბობ, ამ იდეას სრული მხარდაჭერა აქვს ჩვენს ევროპელ პარტნიორებში და ეს იდეა არის გზა სწორედ დეოლიგარქიზაციისკენ, დეკლანიზაციისა და, საბოლოო ჯამში, დეპოლარიზაციისკენ, რომელიც სჭირდება საქართველოს“, – განაცხადა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგულია, ღრმა კრიზისიდან გამოსვლის გზა არის ნდობით აღჭურვილი მთავრობის შექმნა“, – აღნიშნა პარლამენტის დამოუკიდებელმა წევრმა, არმაზ ახვლედიანმა.

მმართველ პარტიაში კი ფიქრობენ, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნის ინიციატივა არაკონსტიტუციურია. ისინი მიიჩნევენ, რომ ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნით ოპოზიციას ძალაუფლების მიტაცება სურს.

„ტექნიკური მთავრობის საკითხი აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობის მიხედვით იცვლება ამ მთავრობის სახელებიც – ხან ტექნიკურია, ხან ერთობისაა, ხან დროებითია, ხან გარდამავალია. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ეს არის არასერიოზული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ. რეალურად კი, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, რომ ქვეყანაში რამენაირად მოახდინონ დესტაბილიზაცია და არეულობის მიღწევა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა პარასკევს, პირველ ივლისს იწურება. 3 ივლისს კი თბილისში კვლავ შეიკრიბებიან მოქალაქეები და ხელისუფლებას თავიანთ მოთხოვნებს წაუყენებენ.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend