მთავარი საქართველო „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში ღონისძიებები დახურულ სივრცეში გაიმართება - „თბილისი პრაიდი"

„პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში ღონისძიებები დახურულ სივრცეში გაიმართება – „თბილისი პრაიდი”

28 ივნისიდან თბილისში „პრაიდ კვირეული“ იხსნება. კვირეულის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის, ფესტივალი დახურულ სივრცეში და არ გაიმართება „ღირსების მარში“.

გასული წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ორგანიზატორები შიშობენ, რომ ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის სამიზნე წელსაც შეიძლება, გახდნენ.

თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ირწმუნებიან, რომ კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე მონაწილეთა უსაფრთხოებას დაიცავენ.

„მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარკვეული ჯგუფები გეგმავენ აღნიშნული კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების ჩაშლას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და მოუწოდებს „პრაიდ კვირეულის“ მოწინააღმდეგე ჯგუფებს – დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს საკუთარი მანდატის ფარგლებში, სამართალდარღვევის თითოეული ფაქტი იქნება აღკვეთილი და მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – წერია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა მედიის ადვოკატირების კოალიციამაც. ორგანიზაცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავიდან აირიდოს 2021 წელს დაშვებული შეცდომები და მიიღოს ეფექტიანი ზომები.

„უმცირესობების უფლებების დაცვა და აღიარება საერთო პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დისკრიმინაციისა და ძალადობის შეჩერება კი სახელმწიფოს განსაკუთრებული ვალდებულებაა. მედიის ადვოკატირების კოალიცია მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს თავიდან აირიდოს  2021 წელს დაშვებული შეცდომები, მიიღოს ეფექტიანი ზომები, რათა: უზრუნველყოს „თბილისი პრაიდის“ აქტივისტთა უსაფრთხოება და დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელის შეშლისაგან. ჰქონდეს დროული და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება ძალადობრივ მოწოდებებსა და შუღლის გაღვივების ყველა მცდელობაზე“, – აღნიშნულია მედიის ადვოკატირების კოალიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თავად „თბილისი პრაიდის“ წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება რეალურ ქმედებებში აისახოს.

„მიმდინარე კვირა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი ხელისუფლებისა და მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. რამდენად მართლა გვაქვს გააზრებული რა არის ევროკავშირი და ევროკავშირი არის სწორედ ის, რომ იყოს თითოეული ადამიანის უფლებები დაცული, თითოეულ ადამიანს ჰქონდეს ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა და თუ კი უმცირესობები იქნებიან დაჩაგრული და დაუცველები, მაშინ ეს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვა გამოდის ძალიან ფასადური. ეს უნდა გაიაზროს თითოეულმა მოქალაქემ. ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოების თანადგომა, ჩართულობა ამ პროცესში არის ძალიან მნიშვნელოვანი“, – განაცხადა „თბილისი პრაიდის“ თანადირექტორმა, ანა სუბელიანმა.

გასულ წელს „ღირსების მარში“ 5 ივლისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ძალადობრივმა ჯგუფებმა დაარბიეს „თბილისი პრაიდის“ ოფისი და იძალადეს 50-ზე მეტ ჟურნალისტზე. ძალადობის ორგანიზატორები პოლიციას ამ დრომდე არ დაუკავებია.

2021 წლის 5 ივლისის მოვლენები არაერთხელ გახდა საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკის საგანი.

ევროკომისიის რეკომენდაციებში, რომელიც საქართველომ 2022 წლის ბოლომდე უნდა შეასრულოს, წერია, რომ ხელისუფლებამ ეფექტიანად და დროულად უნდა გამოიძიოს ჟურნალისტებზე ძალადობის საქმეები.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend