თუ ნატო ხელიდან გაუშვებს ამ ისტორიულ შანასს და არ შეაჩერებს ვლადიმერ პუტინს უკრაინის საზღვრებში, მას მოუწევს ომი საკუთარ ტერიტორიაზე – ასე უთხრა კრემლის დიდი ხნის ოპონენტმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ „ევრონიუსს“.
„დღეს ნატოს აქვს შესანიშნავი შანსი, რომ დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ამ ომში მონაწილეობა მიიღოს იარაღის მიწოდებითა და უკრაინელი ჯარისკაცების გაწრთვნით, და არა საკუთარ ტერიტორიებზე ბრძოლით“, – განუცხადა ხოდორკოვსკიმ შონა მარის გადაცემაში „გლობალური საუბრები“. „ თუ ეს შანსი ხელიდან გაუშვა, მე გაფრთხილებთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, შესაძლოა ადრეც, ნატოს პირდაპირ მიუხდება ამ ომში ჩართვა, რადგან ომი ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე იქნება.“
ოლიგარქი, მიხაილ ხოდორკოვსკი ოდესღაც რუსეთში ყველაზე მდიდარი კაცი იყო, სანამ პუტინის წესებს დაარღვევდა და ათ წელს გაატარებდა ციხეში გადასახადების დამალვის, თანხების მითვისებისა და თაღლითობის ბრალდებით. ამჟამად ხოდორკოვსკი რუსეთიდან განდევნილია.
შონა მარი: თქვენ საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში კარგად იცნობდით პუტინს. თქვენი აზრით რას ფიქრობს იგი ახლა და რამდენად დიდხნას აპირებს ომს?
მიხაილ ხოდორკოვსკი: „რასაც მე დღეს ვხედავ ეს არის გარკვეული ნაზავი პრაგმატულობისა – რომელიც საარჩევნო რეიტინგის გამყარებას ემსახურება – და ემოციურობისა, ვგულისხმობ მის პარანოიდულ შიშს იმის მიმართ, რაც მის მეზობელ ქვეყანაში ხდება – შიშს იმ დემოკრატიული გარდაქმნისა და დამოუკიდებლობის მიმართ, რასაც უკრაინამ მიაღწია.“
შონა მარი: თუმცა ამავდროულად ვნახეთ მის მიერ განხორციელებული თავდასხმა 2008 წელს და ყირიმის აღება 2014-ში. თქვენი აზრით ეს საკითხები განცალკევებულია მიმდინარე ომისგან? და ომი როგორც თქვენ ბრძანეთ კოვიდმა და სხვა მიზეზებმა გამოიწვია? ამის თქმა გსურთ?
მიხაილ ხოდორკოვსკი: „პუტინმა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ოთხჯერ გადაჭრა საარჩევნო პრობლემა ომით. პირველად 1999 წელს, მერე 2008 და 2014 წლებში და ახლა 2022-ში. კოვიდის გამო არსებულმა იზოლაციამ მას აფიქრებინა, რომ უკრაინა ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას, რომ იქ ორგანიზებულ წინააღმდეგობას ვერ მოახერხებდნენ, რომ ზოგიერთ ქალაქში შესაძლოა ყვავილებითაც დახვედროდნენ!“
პუტინის „ბანდიტური“ მენტალიტეტი
შონა მარი: თქვენ ამბობთ, რომ ეს პუტინის მარცხია. მაგრამ არის თუ არა ეს დასავლეთის მარცხიც? თუ გათვალისწინებთ იმას, რაც ვნახეთ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ბოლო ოცი წლის განმავლობაში. ვნახეთ როგორ სცადა ყირიმის აღება, შეიჭრა სირიაში და ასე შემდეგ. იყო თუ არა დასავლეთის განწყობა გულუბრყვილო იმის მიმართ, თუ რას იზამდა პუტინი საბოლოოდ?
მიხაილ ხოდორკოვსკი: „ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერებს ახლაც სჯერათ, რომ შესაძლებელია პუტინთან რამეზე შეთანხმება ისე, რომ მას ძალა არ აჩვენო. რომ პუტინს შეიძლება ესაუბრო პოზიციიდან, რომელიც პუტინის აზრით სუსტია. ეს დრამატული შეცდომაა, რადგან ისინი არ ესაუბრებიან ისეთ ლიდერს, როგორებიც თავად არიან, მათ საქმე აქვთ ბანდიტთან. ბანდიტი კი, როდესაც თვლის რომ ძლიერ პოზიციაზე დგას და ამ დროს კი დათმობას სთხოვენ, ცდილობს ბოლო მოუღოს მსხვერპლს.“
შონა მარი: თქვენი აზრით რა არის გამოსავალი? ჩემი აზრით, აშკარაა, რომ ახლა ემანუელ მაკრონი და სხვებიც უკვე ხვდებიან, რომ პუტინთან მოლაპარაკების გამართვა არარ ღირს. რა უნდა გააკეთონ მათ თქვენი აზრით, რომ ეს მდგომარეობა მოგვარდეს?
მიხაილ ხოდორკოვსკი: „სულ ახლახან, ალბათ ერთი თვის წინ, გამაოცა ბატონმა ბორელმა. იგი ევროპელი ოფიციალური პირია და ვერც კი წარმოვიდგენდი მისგან უხეში სიტყვების გაგონებას. მაგრამ მან ძალიან სწორად თქვა, რომ ეს საკითხი გადაწყდება არა მოლაპარკებების მაგიდასთან, არამედ ბრძოლის ველზე. რასაკვირველია მოგვიანებით მოლაპარკებებიც გაიმართება და საბოლოოდ ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, მაგრამ მანამდე ომის ბედი ბრძოლის ველზე გადაწყდება. ამას ალტერნატივა არა აქვს!“
შონა მარი: და ეს რას გულისხმობს? იმას ხომ არა, რომ ნატო ოფიციალურად ჩაერთვება უკრაინის კონფლიქტში? ეს გგონიათ ერთადერთი გამოსავალი? სხვა შემთხვევაში კი ომი გაგრძელდება და გაფართოვდება? რას ფიქრობთ ამაზე?
მიხაილ ხოდორკოვსკი: „დღეს ნატოს აქვს შესანიშნავი შანსი, რომ დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ამ ომში მონაწილეობა მიიღოს იარაღის მიწოდებითა და უკრაინელი ჯარისკაცების გაწრთვნით, და არა საკუთარ ტერიტორიებზე ბრძოლით. თუ ეს შანსი ხელიდან გაუშვა, მე გაფრთხილებთ, რომ რამდენიმე წლის შემდეგ, შესაძლოა ადრეც, ნატოს პირდაპირ მიუხდება ამ ომში ჩართვა, რადგან ომი ნატოს ერთ-ერთი წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე იქნება. ისინი ვისაც სჯერა, რომ აგრესორთან რამე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, თავისი წინამორბედების შეცდომებს იმეორებენ. ამ შეცდომების ფასი სიცოცხლით გადაიხადა ათობით მილიონმა ევროპელმა სულ რაღაც 70 წლის წინ.“
სანქციები ომს ვერ შეაჩერებს
შონა მარი: როგორ შეაფასებდით ნატოს წევრი ქვეყნების მოქმედებას? ჩვენ ხშირად ვხედავთ დავას გერმანიაში გერმანული იარაღის გაგზავნის თაობაზე, თავდაპირველად ის უკრაინაში უნდა გაეგზავნათ. ხომ არ გგონიათ, რომ მნიშვნელოვნად უნდა დაჩქარდეს დახმარება, ანუ რამდენად სწორ გზაზე ვდგავართ უკრაინის მიმართ სამხედრო დახმარების გაწევის თვალსაზრისით?
მიხაილ ხოდორკოვსკი: „დარწმუნებული ვარ, რომ სანქციებს მნიშვნელობა ჰქონდათ 2014 წელს. ახლა აგრესიას ვერავითარი სანქცია ვერ შეაჩერებს, თუმცა რეჟიმის დასუსტება კი შეუძლია ისე, რომ ასეთი აგრესია აღარ გამეორდეს გარკვეული დროის შემდეგ. მაგრამ ახლა საკითხი წყდება ბრძოლის ველზე. და თუ ნატოს სურს, რომ ეს საკითხი უკარინის ტერიტორიაზე გადაწყდეს, მაშინ უკრაინას უფრო სისტემური დახმარება უნდა აღმოუჩინოს. იცით მეცინება როდესაც ვუსმენ ზოგიერთ ჩინოსანს, როდესაც ამბობენ, რომ თუ უკრაინას მივცემთ დამატებით ხუთ, ათ ან ოც ცალ იარაღს, მაშინ ის რუსეთის ტერიტორიაზე გადავა საბრძოლველად. რაზეა საუბარი? დღეის მდგომარეობით პუტინის არმიის არტილერია უკრაინის არმიისას 20-ჯერ აღემატება! ოცჯერ! პუტინის ავიაცია კი ცის სრული ბატონ-პატრონია.“
რუსეთის განახლება პუტინის შემდეგ
შონა მარი: და ბოლო კითხვა. თქვენ ადრე განაცხადეთ რომ ამ ომს ვლადიმერ პუტინის აღასასრული მოჰყვება და რომ ომი პირადად თქვენც შეგეხოთ, რადგან თქვენს ოჯახს კავშირი აქვს უკრაინასთან – თქვენ იქ გყავთ ბებია, ბავშვობაში ჩადიოდით. თუ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაცია დასრულდება, თუ აპირებთ რუსეთში დაბუნებას, როგორც პოლიტიკური ფიგურა?
მიხაილ ხოდორკოვსკი: „მე არ ვარ ბუნებით პოლიტიკოსი. მე ყოველთვის ბიზნესის წარმოება მომწონდა. ციხის შემდეგ კი, სადაც 10 წელი გავატარე, უფრო საზოგადო მოღვაწეობა მიზიდავს. მჯერა, რომ რუსეთში არ უნდა იყოს მეფის ფიგურა, რომლის თანდაყოლილი თვისებაა მტრის ხატის გარეთ ძებნა. ჩემი აზრით პუტინის შემდეგ რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იქცეს ფედერალურ სახელმწიფოდ და შექმნას ქმედითი პარლამენტი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რუსეთის რეგიონების ინტერესები. თუ ასეთი ინსტრუმენტის შექმნის დროს საჭირო გახდება ჩემი დახმარება, როგორც მენეჯერისა, რომელსაც მართვის შესაბამისი გამოცდილება აქვს, რასაკვირველია მე დავეხმარები ჩემს ქვეყანას. თუ ახალგაზრდა თაობა ამას დამოუკიდებლად გაართმევს თავს, მე ბედნიერი ვიქნები.“
ავტორი: შონა მარი