საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიური მოხსენება პარლამენტში და გაკეთებული განცხადებები, კვლავ განიხილეს დეპუტატებმა.
პრემიერი, რომელიც თავისი განცხადებებით ამტკიცებდა, რომ მისი ხელმძღვანელობით მთავრობა ქვეყანას ყველა მიმართულებით სწორად მართავს და პრობლემები სხვების ბრალია, ოპოზიციონერი დეპუტატების კრიტიკის ობიექტი გახდა.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობა და მმართველი ძალა განსხვავებულ პოზიციებზე არიან.
“მმართველი გუნდი და პრემიერი დაშორებული არიან ქართველი ხალხისგან. ეს აშკარად გამოჩნდა 20 ივნისის აქციასა და ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებებში. კარგად დავინახეთ, რომ ეს ძალა არც ერთი წინაპირობის შესრულებას აპირებს, რაც დაგვიყენა ევროკავშირმა. ღარიბაშვილის გუშინდელი გზავნილი და დამუნათება ევროკავშირისადმი, იყო მკაფიო ნათქვამი მხოლოდ კრემლისთვის. საქართველოს მოქალაქეებისთვის ნათელი უნდა იყოს, რასთან გვაქვს საქმე“, – აცხადებს პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენელი და დეპუტატი თეონა აქუბარდია.
მმართველ გუნდში წარსულის წარმატებებზე აკეთებენ აქცენტს და ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მიღწევები ევროინტეგრაციის მიმართულებით დიდია.
სრულად იზიარებენ პრემიერის პოზიციას და ოპოზიციის, პრეზიდენტის და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკას უსაფუძვლო პოლიტიკურ ბრალდებებად მიიჩნევენ.
„ამ პუნქტების გამოქვეყნების შემდგომ მყისიერად დაიწყო თავად რადიკალურმა ოპოზიციამ პოლარიზაცია იმით, რომ საუბარი დაიწყო დაუმორჩილებლობაზე, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე, ხელისუფლების შეცვლაზე და ასე შემდეგ. ეს ნიშნავს, რომ მათ არანაირი დეპოლარიზაცია არ სურთ, თუმცა, ჩვენი მხრიდან იქნება მაქსიმალურად ყველაფერი გაკეთებული. რაც შეეხება მათ განცხადებებზე პასუხების გაცემას, ეს იქნება სამომავლოდაც, რადგან გუშინ სხვათა შორის, არა მხოლოდ ქართულ, არამედ ევროპულ საზოგადოებაშიც ბევრმა გაიგო ბევრი სიახლე, მათ შორის პრემიერ-მინისტრისგან, რომ ოფიციალური ევროპის ოფიციალური სტატისტიკებიდან გამომდინარე, საქართველო ნამდვილად იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და თურმე საქართველოდანაც და ევროპაშიც ყოფილან ისეთი ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭებინათ ქვეყნისთვის. ამიტომ, პოლარიზაცია ჩვენი მიზანი არ არის, ჩვენი მიზანია საქმის კეთება, მაგრამ თუ რადიკალური ოპოზიცია დაიწყებს პროვოკაციას, ბუნებრივია, ამას შესაბამისი პასუხი ექნება”, – განცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
მეათე მოწვევის პარლამენტმა მიმდინარე კვირაში საგაზაფხულო სესიით მუშაობა დაასრულა.
ბოლოს წინა სხდომაზე პრემიერ-მინისტრის საქმიანობის ანგარიშის მოსმენით, საკანონმდებლო ორგანომ მთავრობის წევრების მოწვევაც დაასრულა.
რეგლამენტით გათვალისწინებული სხდომების გარდა, არ არის გამორიცხული პარლამენტი რიგგარეშე სხდომებზე შეიკრიბოს.
ალეკო გვეტაძე