ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ.
ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში წერია:
საქართველოც უნდა გახდეს კანდიდატი აუცილებელი რეფორმების შესრულების შემდეგ
არ არსებობს ევროკავშირის წევრობისთვის „სწრაფი გზა“;
გაწევრება მხოლოდ დამსახურების საფუძველზე და კრიტერიუმების შესრულების შემდეგ;
ევროკავშირის გაფართოება თავად ევროკავშირის ინტერესია;
რეზოლუცია, მოუწოდებს ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს, რომლებიც დღეს და ხვალ მართავენ სამიტს, „დაუყოვნებლად“ მიანიჭონ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი უკრაინასა და მოლდოვის რესპუბლიკას.
მსგავსად მოიქცნენ საქართველოსთან მიმართებით „მას შემდეგ, რაც მისი მთავრობა შეასრულებს“ ევროკომისიის მიერ მითითებულ პრიორიტეტებს.
ევროპარლამენტი მოუწოდებს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკის და საქართველოს ხელისუფლებას, „ცალსახად წარმოაჩინონ თავიანთი პოლიტიკური გადაწყვეტილება თავიანთი ხალხის ევროპული ამბიციების განსახორციელებლად“, დააჩქარონ რეფორმები, რათა, რაც შეიძლება მალე შესრულდეს ევროკავშირში გაწევრების კრიტერიუმები.
“უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები, რომლებიც ევროპული ოჯახის ამაყი და ერთგული წევრები არიან, იმსახურებენ თავისუფალ, დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრებას”,- წერია რეზოლუციის ტექსტში.