მთავარიმსოფლიოევროკომისიის შეთავაზება: 2030 წელს 50 პროცენტით შემცირდეს პესტიციდების გამოყენება

ევროკომისიის შეთავაზება: 2030 წელს 50 პროცენტით შემცირდეს პესტიციდების გამოყენება

ქიმიური პესტიციდები თითქმის ყველაფერში გამოიყენება, რაც მოგვყავს. თუმცა ახლა მდგრადობისა და ბიომრავალფეროვნების გეგმის ფარგლებში ევროკომისიაში სურთ, რომ  2030 წლისთვის პესტიციდების გამოყენება 50 პროცენტით შეამცირონ. ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ეს პესტიციდების სრულ აკრძალვას არ ნიშნავს.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფრანს ტიმერმანსის განცხადებით, 2030 წლისთვის ქიმიური პესტიციდები ალტერნატიული საშუალებებით, სხვადასხვა ხერხითა და ტექნოლოგიის გამოყენებით უნდა ჩანაცვლდეს. ევროკომისიას აქვს შემოთავაზება, სრულად აიკრძალოს პესტიციდების გამოყენება ისეთ ადგილებში, როგორებიცაა სკოლები, საავადმყოფოები, პარკები და სათამაშო მოედნები.

წევრმა ქვეყნებმა პერიოდულად უნდა წარადგინონ ანგარიში პროგრესის შესახებ. ევროკავშირის სახსრები ხელმისაწვდომი იქნება მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რათა დაიფაროს ყველა ის ხარჯი, რომელიც ახალ მოთხოვნებს უნდა მოხმარდეს.

თუმცა ზოგიერთი ქვეყნის მთავრობა ეწინააღმდეგება ამ მოთხოვნებს. მათ მიაჩნიათ, რომ ახლა, როდესაც მსოფლიოში   სასურსათო კრიზისია, ამისთვის შესაფერისი დრო არ არის.

ევროპარლამენტარი ჰერბერტ დორფმანი ამბობს,  რომ ახლა ევროპას საკვები სჭირდება.  როცა სასურსათო კრიზისთან დაკავშირებით სულ უფრო  ხშირად იმართება დისკუსიები, მას ახალი რეგულაციების შეთავაზება მართებულად არ მიაჩნია.

გეგმის მიზანია ბუნების სავალდებულო რეაბილიტაცია, რომ ქვეყნებმა 2030 წლისთვის აღადგინონ ეკოსისტემის 20 პროცენტი.

ვირჯინიუს  სინკევიჩიუსი, ევროკომისარი გარემოს დაცვის საკითხებში, ამბობს, რომ  ეს იდეა ყველასთვის მომგებიანია. მისი აზრით, უნდა შეიცვალოს ის მოსაზრება, რომ ბუნების აღდგენა მხოლოდ ხარჯია და არ მოაქვს სარგებელი.

ევროკომისიის შეფასებით, ერთ ინვესტირებულ ევროს 8 ევროს ოდენობის სარგებელი მოაქვს.

ერთ-ერთი მთავარი მიზანია, შეჩერდეს დამმტვერავთა, მაგალითად, ფუტკართა პოპულაციის კლება, რადგან, როგორც ექსპერტები ამბობენ, ფუტკრები ზრდიან მოსავლიანობასა და ბუნებრივად ეხმარებიან ეკოსისტემის  აღდგენას.

თუმცა ახლა ეს ჯერჯერობით შეთავაზებებია. დაკანონებამდე ჯერ ევროპარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ უნდა მისცენ  თანხმობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend