მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირმა გადამწყვეტი გეოპოლიტიკური არჩევანი უნდა გააკეთოს

ევროკავშირმა გადამწყვეტი გეოპოლიტიკური არჩევანი უნდა გააკეთოს

წინასწარი მონაცემებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებათ, საქართველო კი ევროპული პერსპექტივის იმედად რჩება

დღეს, 23 ივნისს ევროპისთვის უმნიშვნელოვანესი დღეა – ევროკავშირმა გადამწყვეტი გეოპოლიტიკური არჩევანი უნდა გააკეთოს. დღის წესრიგში რამდენიმე თემაა: თუმცა ყველა ეს საკითხი ევროკავშირის სამომავლო გაფართოებას ეხება.

ბრიუსელის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან ასოცირებული ტრიოს ქვეყნები: საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. წინასწარი მონაცემებით, უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებათ, საქართველო კი ევროპული პერსპექტივის იმედად რჩება.

„დღეს არის გადამწყვეტი მომენტი ევროკავშირისთვის. ჩვენ დღეს მივიღებთ გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასა და მოლდოვას მივანიჭებთ კანდიდატის სტატუსს, ხოლო უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას“, – განაცხადა შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა

ევროკავშირში გაწევრება რთული პროცესია და ამისთვის სხვადასხვა დემოკრატიული თუ ეკონომიკური რეფორმის გატარებაა საჭირო. ასოცირებული ტრიოს ქვეყნებში კი ჯერ კიდევ მრავალი პრობლემაა. უკრაინასა და მოლდოვაში არც თუ ისე სწრაფი ეკონომიკური ზრდაა, პრობლემაა დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერებაც. მიუხედავად ამისა, ორივე ქვეყანაში ამბობენ, რომ ამ რთული პროცესის დასაჩქარებლად ყველაფერს გააკეთებენ. ამაში კი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი დაეხმარებათ.

„უკრაინისთვის წევრობის პერსპექტივა გაცილებით ადრე უნდა შეეთავაზებინათ, რადგან ეს არის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი დემოკრატიზაციისკენ სწრაფვაში“, – ამბობს ფრენკ შიმელფენიგი, ევროპული პოლიტიკის პროფესორი.

ამ ეტაპზე საქართველოს დაახლოება ევროკავშირთან კიდევ უფრო ბუნდოვანია, ვიდრე უკრაინისა და მოლდოვისა. ევროკომისია ქვეყანას დემოკრატიის უკუსვლის გამო აკრიტიკებს და სანამ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიემხრობა, საქართველოს 12 რეკომენდაციის გათვალისწინებას სთხოვს. რამდენად ექნება საქართველოს ხელისუფლებას პოლიტიკური ნება და მზაობა იმისა, რომ გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, გააძლიეროს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, ხელი შეუწყოს პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებასა და დეოლიგარქიზაციას, სწორედ ეს იქნება გადამწყვეტი საქართველოსთვის. გახდება თუ არა ახლა უკვე ევროკავშირის კანდიდატი ტრიოს წევრი, თუ დარჩება უკრაინისა და მოლდოვის დუეტის მიღმა.

„ეს საქართველოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, ამას უარყოფითად არ უნდა შეხედონ, მათ ახლა აქვთ მკაფიო გზა, აქვთ შესასრულებელი საქმეები, განრიგი. გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ. როდესაც კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსიც ავტომატურად მოგენიჭებათ“, – განაცხადა ჯოზეფ ბოერლმა, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.

გადაწყვეტილების მიღებამდე არც თუ ისე დიდი დროა – ევროკომისია საქართველოს პროგრესის შესახებ ინფორმაციას 2022 წლის ბოლოს გამოაქვეყნებს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend