მთავარიგადაცემებიSmart Regionsეკოლოგიური გადაადგილება ქალაქში - წახალისება და დაზღვევა

ეკოლოგიური გადაადგილება ქალაქში – წახალისება და დაზღვევა

იტალიის ქალაქ პიზაში მათ, ვინც საზოგადოებრივი  ან ეკოლოგიური ტრანსპორტით სარგებლობს, აპლიკაციის საშუალებით აჯილდოებენ. აპლიკაცია, რომელსაც GoodGo ჰქვია, ყველა ტიპის ტრანსპორტს პოულობს და თითოეული მათგანის გამონაბოლქვის მოცულობასა და კალორიებს ითვლის, რითაც გადაადგილების ეკოლოგიური გზების  მოძებნას უწყობს ხელს.

ჩინცია ამ აპლიკაციის ერთ-ერთი პირველი მომხმარებელია და ახლა იმას ფიქრობს, თუ რომელ მაღაზიაში დახარჯოს აპლიკაციით დაგროვილი ქულები.

ჩინცია კერარი, მგზავრი:

„ამ დილით ველოსიპედით წავედი, შემდეგ მატარებელზე გადავჯექი, მერე ცოტა ფეხით გავიარე და ავტობუსში ავედი. ამგვარად, 48 ქულა მოვაგროვე და ახლა ველოდები, რომ კუთვნილი ჯილდო რაც შეიძლება სწრაფად მივიღო.“

კიარაც პიზაში ცხოვრობს და ველოსიპედით ყოველდღე დადის.

აპლიკაციაში ყველაზე მეტად ის ფუნქცია (Savemybike) მოსწონს, რომელიც ველოსიპედს მოპარვისგან აზღვევს.  ეს ფუნქცია მას ეუბნება, თუ სად შეიძლება ყველაზე უსაფრთხოდ ველოსიპედის პარკირება. გარდა ამისა, ეს პლატფორმა ხელმომწერებს საჩუქარს აძლევს – ეს არის პასიურ რადიოსიხშირეზე მომუშავე საიდენტიფიკაციო სენსორი, რომელიც ველოსიპედში თავსდება და მისი მოპარვის შემთხვევაში ველოსიპედის მიკვლევას უზრუნველყოფს.

კიარა პაცალი, ველოსიპედისტი:

“ველოსიპედში არის სპეციალური ადგილი, სადაც ამ სენსორის მოთავსება შეიძლება. მოხსნი დასაჯდომს და სენსორს მის ქვეშ მოათავსებ.  თუ ველოსიპედი მოიპარეს, მე ტელეფონით შევალ აპლიკაციაში და მისი საშუალებით შემიძლია, განვაცხადო მოპარვის ამბავი და მერე ქალაქის პოლიცია იპოვის.“

ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 815 007 ევროა და მისი 44.9 პროცენტი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში ფინანსდება.

ეს აპლიკაცია 2022 წლის 9 მაისს ამოქმედდა და უკვე 300 ხელმომწერი ჰყავს.  მიზანი ხელმომწერების რიცხვის  5 ათასამდე გაზრდაა.

მასიმილიანო პეტრი, ამ პროექტის ხელმძღვანელი, გვიხსნის, თუ რატომ შექმნა ეს აპლიკაცია.

მასიმილიანო პეტრი, SAVEMYBIKE & GOODGO-ს პროექტი მენეჯერი:

„იტალიურ ქალქებში, მაგალითად,  პიზაში მოქალაქეების მხოლოდ 9 პროცენტი სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ველოსიპედით დადიან, მაგრამ ძალიან ცოტას. ამიტომ ეს სისტემა შემოვიღეთ, რათა ქალაქებში კერძო ტრანსპორტის სიმრავლე შევამციროთ.“

იმ მოქალაქეებს, რომლებიც ეკოლოგიური ტრანსპორტით სარგებლობენ, ეწერებათ ქულები, რომლებიც ვირტუალური ფულის ეკვივალენტია და ამ თანხის განაღდება რეგიონში პროექტის პარტნიორ მაღაზიებშია შესაძლებელი.   ჩინციამ თავისი ქულების განაღდება შოკოლადის მაღაზიაში გადაწყვიტა.

პაოლა დი ბელო, მაღაზია CIOCCOLATO ARGENTO-ს ხელმძღვანელი:

„ამ აპლიკაციის გამოყენება ძალიან ადვილია როგორც ჩვენთვის, ისე მომხმარებლისთვის. ჩვენს მაღაზიაში განაღდებულ ვაუჩერებს თავად მუნიციპალიტეტი  ანაზღაურებს.“

ავტორი: ავრორა ველესი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend