რუსული ნავთობი კვლავ დააფინანსებს უკრაინაში მიმდინარე ომს. თანხა რუსეთში არა დასავლეთიდან, არამედ უკვე აზიის ქვეყნებიდან შემოდის. ჩინეთი და ინდოეთი ახლა შეღავათიან ფასად ყიდულობენ იმ ნავთობს, რომელზეც სხვა ქვეყნებმა რუსეთზე დაკისრებული სანქციების გამო უარი თქვეს.
საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს ინფორმაციით, ამ ვითარებისა და მზარდი ფასების გათვალისწინებით, რუსეთმა ნავთობის ექსპორტიდან მაისში 20 მილიარდი დოლარი მიიღო, ეს კი აპრილში მიღებულ თანხაზე თითქმის 2 მილიარდით მეტია.
ასევე 28 პროცენტით გაიზარდა ნავთობპროდუქტების იმპორტი რუსეთიდან ჩინეთში, რის შედეგადაც რუსეთმა გადაასწრო საუდის არაბეთს, ჩინეთის ყველაზე მსხვილ მიმწოდებელს. საერთაშორისო მარკეტინგული კვლევითი სააგენტოს „კეპლერის“ ინფორმაციით, ინდოეთმა რუსეთისგან 2022 წელს 60 მილიონი ბარელი ნავთობი შეიძინა, 2021 წელს კი მხოლოდ 12 მილიონი ბარელი. პარადოქსია, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყებიდან ასევე გაიზარდა ინდოეთიდან ნავთობპროდუქტების ექსპორტი, რომლის 20 პროცენტი დასავლეთის ქვეყნების გავლით გადის.