მთავარისაქართველომოწყვლადი ჯგუფების უფლებები - ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი

მოწყვლადი ჯგუფების უფლებები – ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი

24 ივნისს ევროპულმა საბჭომ უნდა იმსჯელოს, მიანიჭებს თუ არა საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.

დიდი ალბათობით, ევროპელი ლიდერები გაითვალისწინებენ ევროკომისიის რეკომენდაციას, რომ საქართველომ ჯერ შეასრულოს 12 პირობა  და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელოს საბჭომ მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია. საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის დღემდე პრობლემად რჩება ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ხარისხიანი განათლება, დასაქმება და არაადაპტირებული გარემო. ამას ამბობს არაერთი საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციის კვლევა. ამაზე საუბრობს ევროკომისიაც.

„ერთი რითიც განასხვავებ ევროპელ და ქართველ მშობელს ერთმანეთისგან, ჩემს ჭრილში შემიძლია ვთქვა, მე, დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრს ვმუშაობ, რომ შევცვალო გარემო, დღემდე არ ვიცი ჩემი შვილის ბედი როგორი იქნება მას შემდეგ, როცა მე არ ვეყოლები გვერდით. ევროპელი დედები ამაზე არ დარდობენ“, – ამბობს ლია ტაბატაძე, “საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის” თავმჯდომარე.

უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და აქტივისტებს სჯერათ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია პირდაპირ უკავშირდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა კეთილდღეობას, ღირსეულ მომავალსა და  დამოუკიდებელ ცხოვრებას.

„ჩვენ რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრი, ან უფრო ახლოს მაინც რომ ვიყოთ, იქ წერია, ევროკავშირი რამხელა თანხას გასცემს იმისთვის, რომ ქუჩები იყოს ადაპტირებული, ტრანსპორტი შემოვიდეს, რომლითაც ყველა ისარგებლებს. იყოს ინკლუზია, სკოლები გაძლიერდნენ. სახელმწიფო თუ იტყვის და ყოველთვის ამას ამბობს, ფული არ მაქვს, ევროკავშირშია პასუხი იმის, რომ თუ შენ მხოლოდ ფული არ გაქვს, თანამეგობრობა გეხმარება, რომ შენს ქვეყანაში ადამიანები უფრო ბედნიერები იყვნენ“, – ამბობს ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი ანა აბაშიძე.

თბილისი პრაიდის თანადირექტორი მარიამ კვარაცხელია ამბობს,  რომ საქართველოში დღემდე მნიშვნელოვნად ირღვევა ლგბტქ თემის უფლებები.

ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების დაწყება სახელმწიფოს ამ თვეშივე მოუწევს, რადგან მისი თქმით 28 ივნისიდან თბილისი პრაიდის კვირეული გაიმართება.

„ხელისუფლებას შეუძლია ის, რომ დასაჯოს 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორები, რომლებიც დღეს კიდევ თავისუფლად არიან და მეტიც, წელსაც იმავე ხარისხის ძალადობას გეგმავენ და ჩვენ მოვისმინეთ მუქარები. მეორე არის ის, რომ წელს მაინც, სახელმწიფომ დაიცვას თბილის პრაიდის კვირეულის ღონისძიებები სათანადოდ, რაც იქნება მნიშვნელოვანი განაცხადი იმისთვის, რომ სახელმწიფო ცდილობს გამოასწოროს არსებული მდგომარეობა“ – ამბობს თბილისი პრაიდის თანადირექტორი მარიამ კვარაცხელია.

როგორ დაიცავს საქართველოს ხელისუფლება მოწყვლადი ჯგუფების უფლებებს და შეასრულებს სხვა 11 რეკომენდაციას, ევროკომისია პროგრესს 2022 წლის ბოლოს შეაფასებს.

გიორგი ბოლქვაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend