დატვირთული დღის შემდეგ სახლში კომფორტულად მოკალათება და ლეპტოპში ფილმების ყურება ბევრისთვის განტვირთვის ერთ-ერთი მთავარი საშუალებაა.
საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა ფილმებს ონლაინ უფასოდ უყურებს. ამისათვის საქართველოში რამდენიმე საიტია ხელმისაწვდომი, მაგრამ ეს საიტები არალეგალურია.
ფილმების ნებართვის გარეშე ონლაინგავრცელება და ყურება მეკობრეობაა, ინტელექტუალური უფლებების დარღვევა.
„ადამიანები, რომლებიც ინტელექტუალურ შრომას ეწევიან, უნდა იყვნენ დაცული, რომ მათი ინტელექტუალური საკუთრება მერე მათივე შემოსავლის წყარო იყოს. მაგრამ ფილმები საერთოდ არ არის დაცული. ვეღარ ყიდიან ფილმებს და, გარკვეულწილად, ზარალდებიან. მაყურებელი, რომელიც განსაკუთრებით მიეჩვია ლეპტოპთან ფილმების ნახვას, აღარ წავა კინოში და აღარ იყიდის ბილეთს“, – ამბობს რეჟისორი ქეთევან მაჭავარიანი.
ქეთევანი მიიჩნევს, რომ ასეთი ვებსაიტების გარეშე ბევრი ევროპული თუ ამერიკული კლასიკური ფილმი მისი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომი ვერ იქნებოდა.
„ანუ აღმოჩნდება, რომ ამ ადამიანებს, მეც მათ შორის, როგორც პედაგოგსა ან რეჟისორს, არ ექნება წვდომა კლასიკაზე, რაც სასწავლო პროცესის განუყრელი ნაწილია. კინო თუ არ ნახე, თეორიულად როგორ უნდა ისწავლო“, – აღნიშნავს ქეთევან მაჭავარიანი.
საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ ყველა ონლაინ ვებსაიტი, რომლებიც ფილმებს უფასოდ ავრცელებენ, არალეგალურია. მეკობრეობა, რომელიც დღეს ძირითადად ინტერნეტშია გავრცელებული, სისხლის სამართლის დანაშაულია.
„კომუნიკაციის ეროვნულ კომისიასთან ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს, რომ დაიბლოკოს ყველა მეკობრული ვებგვერდი, რომლებზეც ფილმები უკანონოდაა განთავსებული. ის, რომ საქართველოში ლეგალური ალტერნატივა უკვე არსებობს, ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ის ერთადერთი სათქმელი, რომელიც მეკობრულ საიტებსა და მის მხარდამჭერებს ჰქონდათ თუნდაც პოლიტიკურ თუ საერთაშორისო დონეზე, მაშინ სად ვუყუროთ ფილმებსო, ამ შემთხვევაში აღარ არსებობს. დღეს, როდესაც საქართველომ გააგზავნა განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტელექტუალური საკუთრება ქვეყანაში მაქსიმალურად იყოს დაცული”, – ამბობს საქართველოს ანტიმეკობრული ცენტრის დირექტორი ზურაბ ბეჟაშვილი.
გარდა იმისა, რომ ინტელექტუალური საკუთრების დაცვა ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებაა, ამგვარი მიდგომა, ქართული კინოინდუსტრიის განვითარებასაც შეუწყობს ხელს. მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება ლეგალური ალტერნატიული ვებსაიტების შექმნაა.
„ეს რადიკალურად ცვლის ქართული კინოწარმოებისა და ქართველი მაყურებლისთვის არსებულ ვითარებას. კინომწარმოებლებისთვის ჩნდება ახალი დაკვეთა, ახალი შესაძლებლობა, ახალი გზა, თავიანთი ნამუშევარი მაყურებლებამდე მიიტანონ. მეორე მხრივ, მაყურებლებს აქამდე არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თანამედროვე ქართულ კინოს, არა მხოლოდ თანამედროვე, ზოგადად ქართულ კინოს გასცნობოდნენ. პრაქტიკულად კინო ცალკე ცხოვრობდა და მაყურებლამდე ვერ აღწევდა ხოლმე,” – ამბობს პროექტ „Cavea+-ის“ ხელმძღვანელი სალომე კუპრაშვილი.
ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევებზე საუბარი და მსჯელობა გრძელდება. პარალელურად კი, ფილმების მეკობრული გზით ყურება ისევ იოლად არის შესაძლებელი.
თორნიკე კოპლატაძე