ისრაელი ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა განაცხადა, რომ ქნესეთს მომავალ კვირას დაითხოვს. მანამდე კი ქვეყანას საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი უხელმძღვანელებს, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა როტაციული პრინციპით, არჩევიდან წელიწად-ნახევარში უნდა გადაებარებინა.
2021 წელს ნაფტალი ბენეტმა რვა განსხვავებული იდეოლოგიის პარტიასთან ერთად კოალიციური პარტია ჩამოაყალიბა, თუმცა ბოლო პერიოდში მათ მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
„მე და ჩემმა მეგობარმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა იაირ ლაპიდმა, გადავწყვიტეთ, ერთად ვიმუშაოთ, დავშალოთ ქნესეთი და ჩავატაროთ არჩევნები შეთანხმებულ დროს. ამავდროულად, შევთანხმდით ძალაუფლების სამართლიანად გადაცემასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების უზრუნველყოფაზე“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.
„მაშინაც კი, თუ ჩვენ არჩევნებს რამდენიმე თვეში ჩავატარებთ, ჩვენს სახელმწიფოში არსებული პრობლემები კვლავ მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე, ვიბრძოლოთ ირანის, ჰამასისა და ჰეზბოლას წინააღმდეგ, შევხვდეთ იმ ძალებს, იმ არადემოკრატიული სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომლებიც ემუქრებიან ისრაელს“, – განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ეს სასიამოვნო სიახლე იყო, რადგან ის შესაძლოა თანამდებობაზე დაბრუნდეს.
ისრაელში ვადამდელი არჩევნები ბოლო სამ წელიწადში უკვე მეხუთედ ტარდება. არჩევნები, სავარაუდოდ, ოქტომბერში ან ნოემბერში გაიმართება.