მთავარისაქართველომამის დღეს საქართველოში 2016 წლიდან აღნიშნავენ

მამის დღეს საქართველოში 2016 წლიდან აღნიშნავენ

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მამის დღეს უკვე მრავალი წელია აღნიშნავენ, თუმცა საქართველოში მისი აღნიშვნა 2016 წლიდან დაიწყეს.

2022 წლის 19 ივნისს, თბილისში მამები შვილებთან ერთად მზიურის პარკში შეიკრიბნენ, რათა მინიშნებებით ეპოვათ გამოცანის პასუხები და გზები მთავარი გასაღების მოსაძებნად.

თამაშებში მონაწილეობის სურვილი 170-მდე მამამ გამოთქვა. ერთ-ერთი ორგანიზატორი და კამპანია „კაცები ზრუნავენ” თანადამფუძნებელი მირიან ჯუღელი აღნიშნავს, რომ მისთვის ასეთი აქტივობა მოულოდნელი იყო, რადგან რამდენიმე წლის წინ გაეროს კვლევები აჩვენებდა, რომ ქართველი მამები შვილებს დიდ დროს არ უთმობდნენ.

„საკმაოდ საწყენი შედეგები გამოქვეყნდა. მაშინ მამების უმეტესობა ამბობდა, რომ ისინი არც თუ ისე ჩართულები იყვნენ თავიანთი ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში და ამიტომ დავიწყეთ ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა. 2020 წელს გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელშიც უფრო მეტი მამა ამბობს, რომ ესწრება ბავშვის დაბადებას, უფრო მეტი მამა ამბობს, რომ დაჰყვება ორსულ მეუღლეს ექიმთან ვიზიტზე, უფრო მეტი მამა ამბობს, რომ გადაწყვეტილებები ოჯახში ერთიანად უნდა მიიღონ და არა მხოლოდ ერთმა ადამიანმა”, – აღნიშნავს მირიან ჯუღელი.

“მთავარი მიზანი ამ დღის, არის ის, რომ მეტმა მამამ გაიაზროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა თავიანთ შვილებსა და ოჯახზე ზრუნვაში და რაც მთავარია არამხოლოდ გაიაზროს, არამედ რეალურად დაიწყოს მოქმედება, შეიცვალოს დამოკიდებულება და აქტიურად ჩაერთოს შვილებზე ზრუნვაში, რათა გაინაწილოს ოჯახში ზრუნვის ტვირთი“, – განაცხადა UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ.

მამების გააქტიურებაზე საუბრობს ფსიქოლოგი ირინა ტაბუცაძეც. ის ამბობს, რომ მას მამაკაცები სულ უფრო ხშირად მიმართავენ ოჯახური პრობლემებით. სპეციალისტის თქმით, ადამიანი პიროვნებად მცირე ასაკში ყალიბდება და ბავშვისთვის მშობელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირეწლოვან ასაკში.

„ყოველ ერთ შენიშვნაზე უნდა მოდიოდეს ხუთი შექება. საშუალოდ ასე ზრდიან ბავშვებს ოღონდ ეს შექება არ უნდა იყოს, კარგი გოგო ხარ, კარგი ბიჭი ხარ – აქ უნდა იყოს, რა მოგეწონა ზუსტად, რის გამო აქებ, რა გააკეთა მან კარგად. პატარა ასაკში თუ არ შეგვაქო დედამ და მამამ და არ გვაგრძნობინა, რომ გამორჩეული და კარგი ვართ სხვა ამას ვერ გააკეთებს“, – აღნიშნავს ფსიქოლოგი ირინა ტაბუცაძე.

 

ანეტ მიქელაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend