მთავარიგადაცემებიSmartHealthციფრული მომავალი: როგორ გარდაქმნის ევროპის ჯანდაცვას მონაცემთა ბაზა?

ციფრული მომავალი: როგორ გარდაქმნის ევროპის ჯანდაცვას მონაცემთა ბაზა?

პანდემიის დროს მხოლოდ ვაქცინების ტექნოლოგია კი არ წავიდა წინ, აშკარად გამოიკვეთა ციფრულ ჯანდაცვის მნიშვნელობაც.

კლინიკურ ინფორმაციაზე წვდომა და მისი მიმოცვლა შესაძლოა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს პაციენტის მკურნალობისა და სასურველი შედეგის მიღების თვალსაზრისით.

სწორედ ამიტომ ინფორმაციის გაციფრულება და უწყებებს შორის მონაცემების გაცვლა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემების მთავარ ინსტრუმენტად ითვლება. ევროკავშირიც სწორედ ამ გზას ადგას.

სულ ახლახან ევროკავშირში დაიწყო „ევროპის ჯანდაცვის მონაცემთა სივრცის“ (European Health Data Space– EHDS)  პროექტი, რომელიც მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში  დაინერგება. მაინც რას წარმოადგენს ეს ინიციატივა?

ეს არის ერთმანეთთან დაკავშირებული მონაცემების ბაზა, რომლის მიზანია პაციენტს გაუდვილოს წვდომა ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე და თან უზრუნველყოს მისი მკურნალობის უწყვეტობა  იმ შემთხვევაშიც, როდესაც პაციენტი სხვა ევროპულ ქვეყანაში იმყოფება.

ჯანდაცვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას არეგულირებს როგორც ეროვნული, ისე საერთო ევროპული კანონმდებლობა.

„ევროპის ჯანდაცვის მონაცემთა სივრცის“  ინიციატივა საზოგადოებას უფრო ეფექტურ მკურნალობასა და დიაგნოსტიკას ჰპირდება. გარდა ამისა, იგი ხელს შეუწყობს სამეცნიერო კვლევებს, ევროპულ კომპანიებს კი საშუალებას მისცემს, რომ პაციენტზე უკეთ მორგებული მედიკამენტები, სამედიცინო აპარატურა და მომსახურების პირობები შექმნან.

და ბოლოს, მონაცემთა გაცვლის წყალობით გაუმჯობესდება პოლიტიკური კურსიც, რადგან გადაწყვეტილებებს უფრო ფართო  საინფორმაციო ბაზაზე დაყრდნობით მიიღებენ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანამ ციფრული ჯანდაცვის ტექნოლოგიების განვითარება დააჩქარა.

მაგალითად, პორტუგალია ამ რევოლუციის მოწინავე ხაზზე დგას. ამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ საინფორმაციო ტექნოლოგიების უწყებას დაავალა ჯანდაცვის გაციფრულება.

ლუი ფილიპე გოეს პინეირუ, SPMS-ის (პორტუგალიის ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების გაზიარების სტრუქტურის) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე:

“რაც შეეხება ციფრულ მონაცემებს, ჩვენ გვინდა, რომ ეს მონაცემები, როცა სისტემაში შევა, ისეთ ინფორმაციად გარდავქმნათ, რომელსაც მთელი სისტემა გამოიყენებს. პორტუგალიაში ეს სხვადასხვა დონეზე უკვე ხდება და დღეისათვის გვაქვს კლინიკური მონაცემები, რომლებიც სამედიცინო ინფორმაციას ეყრდნობა და რომლებიც ერთმანეთთან კავშირშია.“

პორტუგალიაში თითქმის შეწყვიტეს ქაღალდის რეცეპტის გამოწერა. ქვეყნების საავადმყოფოების დაახლოებით 98 პროცენტი ციფრულ რეცეპტებს გასცემს. კლინიკებში ფაილებსაც ინტერნეტში ინახავენ. პაციენტებს შეუძლიათ, საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია ვებგვერდზე ან სმარტფონის აპლიკაციით ნახონ. ამ აპლიკაციით ისინი ექიმისგან ტელეკონსულტაციასაც იღებენ.

იგივე აპლიკაცია პაციენტს ჯანდაცვის სამინისტროს საკონტაქტო  ცენტრთან დაკავშირების საშუალებასაც აძლევს, რათა ზოგად კითხვებზე მიიღოს პასუხი.

პასუხების მიღება, პორტუგალიურის გარდა, შესაძლებელია ინგლისურად და ჟესტების ენაზეც.

პედრო მარკესი, SPMS-ის მონაცემთა კოორდინატორი:

“ჩვენ  გადაწყვეტილების მიღების პროცესს ვუადვილებთ როგორც ექიმს, ისე მომხმარებელს იმ პათოლოგიებთან დაკავშირებით, რომლებიც შესაძლოა, მას ჰქონდეს და რაც, შესაძლოა, უფრო ადვილად აღმოაჩინოს ჩვენი ხელოვნური ინტელექტის მექანიზმმა.“

ციფრული ჯანდაცვის კუთხით წინ მიიწევს გერმანიაც, სადაც უკვე დაინერგა აპლიკაციის სისტემა, სახელწოდებით DIGA.

ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, ქალაქ ბოტროპში მდებარე კლინიკაში ექიმები პაციენტებს აპლიკაციას უწერენ ისე, როგორც წამალს გამოწერდნენ, რათა პაციენტს საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაუადვილონ. მომხმარებელს შეუძლია, ჩამოტვირთოს აპლიკაცია საკუთარ სმარტფონზე, ტაბლეტსა ან კომპიუტერზე.

აპლიკაციაში ჩატვირთულია ინფორმაცია, რომელიც დაავადებათა ფართო სპექტრისთვის დამახასიათებელ ნიშნებს აღწერს, მათ შორის არის  კიბო, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ქრონიკული შაკიკი და დეპრესია.

სამი გაბერი, Gaber Medical Centre-ის ექიმი:

“ჩემი აზრით, კონკრეტული დაავადებების შემთხვევაში, მაგალითად, შაკიკის, წონის კარგვის ან ყურებში ხმაურის  დროს, ძალიან სასარგებლოა, რომ პაციენტი, ქირურგიული ჩარევისა და დოკუმენტაციის შედგენის გარდა, დახმარებას იმ შემთხვევაშიც იღებს, როდესაც მდგომარეობა უმძიმდება. ამგვარად, როდესაც პაციენტი კლინიკის გარეთ იმყოფება, ასე ვთქვათ,  მარტო მაინც არ რჩება.

რამდენადაც ცნობილია, ევროპის ჯანდაცვის მონაცემთა სივრცე მედიცინაში რევოლუციის მოხდენას აპირებს. თანამშრომლობის ახალი ერა დაიწყო და ევროკავშირის ქვეყნები უკვე იკვლევენ, თუ როგორ შეათანხმონ ერთმანეთთან მოქმედი  წესები და სტანდარტები  ისე, რომ პაციენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაციაც დაცული იყოს.

ავტორი: კლაუდიო როსმინო

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend