ბერლინში ხეებს სწყურიათ და სებასტიან ჰერგესმა მიზნად დაისახა, მორწყას, რამდენსაც შეძლებს.
უკვე ორი წელია, სებასტიანი თავისუფალ დროს ველოსიპედით დადის გერმანიის დედაქალაქში და ხეებს რწყავს – ძირითადად ნერგებს, რომლებიც გვალვას ვერ უძლებენ.
სებასტიანი ერთი-ერთია იმ მრავალ ბერლინელთაგან, რომლებიც ცდილობენ, ქალაქში დარგულ ხეებს რაღაცით დაეხმარონ.
სებასტიან ჰერგესი:
“როდესაც ადამიანს სწყურია, შეუძლია უბრალოდ ბოთლიდან ჩამოისხას და დალიოს. ხე ამას ვერ გააკეთებს, მას დახმარება სჭირდება. ამიტომაც ვრწყავ ხეებს.“
ბერლინსა და მის შემოგარენში ბოლო ოთხი წელია, საკმარისი რაოდენობის ნალექი არ მოდის. 2018 წლიდან, რომელიც ძალიან მშრალი წელი გამოდგა, მიწისქვეშა წყლების დონე ყოველ წელს მცირდება.
მეტეოროლოგი იორგ რიმანი ამ მოვლენას „წყლის დეფიციტს“ უწოდებს.
იორგ რიმანი, საკონსულტაციო კომპანია Wettermanufaktur-ის მეტეოროლოგი:
“როგორც წესი, ბერლინსა და მის შემოგარენში – ბრანდენბურგში, თითოეულ კვადრატულ მეტრზე წელიწადში, იანვრიდან დეკემბრამდე, დაახლოებით 600 ლიტრი ნალექი მოდის. 2018 წლის შემდეგ კვადრატულ მეტრზე 600 ლიტრი ნალექის დეფიციტი გვაქვს“.
ეს დეფიციტი პირდაპირ აისახება ხეებზე. ტიმო ბიტნერს ბერლინში ყველაზე დიდი ხეების მოვლის კომპანია აქვს.
ტიმო ბიტნერი, ხეების დამუშავების სპეციალისტი:
“გვალვიანი წლების გამო წყლის დეფიციტი იმ ხეებსაც კი დაეტყოთ, რომლებსაც ძალიან გრძელი ფესვები აქვთ. ამის გამო ტყეში გამხმარი ხეების რაოდენობა უკიდურესად გაიზარდა.“
ბიტნერმა მთელ ქალაქში ათასზე მეტ ხეზე დაამაგრა სენსორები. სპეციალური აპლიკაციის საშუალებით მას შეუძლია დაინახოს, რომელ ხეს სჭირდება ყველაზე მეტად მორწყვა. მაგრამ ყველას ვერ წვდება. უკვე ბევრი ხე მოჭრეს და ნახერხად აქციეს. თუ გვალვა გაგრძელდა, კიდევ მეტი გახმება. ყველა ხის მოსარწყავად უბრალოდ დრო არ არის.
ტიმო ბიტნერი, ხეების დამუშავების სპეციალისტი:
“ვერ ვასწრებთ მორწყვას. ან როგორ გინდა, რომ მოასწრო? ბერლინში ერთ მილიონზე მეტი ხეა, ჩვენ 18 ათასის მოვლა შეგვიძლია.“
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბერლინში ხეების უმეტესობა ან განადგურდა, ან მოიჭრა.
მას შემდეგ გერმანიის დედაქალაქში ათასობით ხე დარგეს და ქალაქი ისევ გამწვანდა. მაგრამ ახლა ამ სიმწვანეს წყლის დეფიციტი უქმნის საფრთხეს.
იონა კელგრენი:
“გერმანიის დედაქალაქში კიდევ ერთი მზიანი და ცხელი დღეა, რაც, რასაკვირველია, შესანიშნავია ტურისტებისთვის, მაგრამ ზიანის მომტანია ქალაქში დარგული ხეებისთვის.“
ავტორი ჯონა კალგრენი