საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის ცენტრისტულმა ალიანსმა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო.
არსებული მონაცემებით, მაკრონის ცენტრისტული კოალიცია საკანონმდებლო ორგანოში 245 ადგილს დაიკავებს. მეორე ადგილზეა მემარცხენეების, მწვანეებისა და კომუნისტების ალიანსი „ნუპესი“, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოში 131 ადგილის მოპოვება შეძლო.
მესამე ადგილზე კი მარი ლე პენის პარტიაა, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაში 89 ადგილს დაიკავებს.
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორნმა განაცხადა, რომ წელს საპარლამენტო არჩევნები უპრეცენდენტო იყო.
,,ნაციონალურ ასამბლეას არასდროს ჰქონია მსგავსი კონფიგურაცია. ეს სიტუაცია წარმოადგენს რისკს ჩვენი ქვეყნისთვის იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომელთა წინაშეც დგას საფრანგეთი როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე. ხვალიდან დავიწყებთ მუშაობას უმრავლესობის შექმნაზე“, – განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორნმა.
ულტრამემარცხენე ლიდერმა ჟან-ლუკ მელენშონმა, რომელმაც წარმატებით გააერთიანა მთავარი პარტიები თავის ალიანსში, განაცხადა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის პარტიამ სრული მარცხი განიცადა.
,,უპირველეს ყოვლისა, მაკრონის პარტიამ სრული მარცხი განიცადა, მორალურად დამარცხდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც მუდამ იმას ამტიცებდნენ, რომ ულტრამემარცხენეებს შეგვაჩერებდნენ. მთავარი შედეგი კი არის ის, რომ მათ კიდევ უფრო გაგვაძლიერეს“, – თქვა მემარცხენე კოალიციის ლიდერმა ჟან-ლუკ მელენშონმა.
დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა მარი ლე პენის პარტიის დაწინაურებაც. ლე პენის პარტიამ, 2017 წლის არჩევნებისგან განსხვავებით, 11-ჯერ მეტი ხმა მიიღო.
საფრანგეთის პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობის დასაკავებლად 289 მანდატი იყო საჭირო, რომლის სრულად მოპოვებაც ვერც ერთმა პარტიამ ვერ შეძლო.