ასოცირებული ტრიოსთვის ევროკომისიის დასკვნამდე ორი დღით ადრე უკრაინის დედაქალაქს ოთხი ევროპული ქვეყნის ლიდერი ეწვია.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, იტალიის პრემიერი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანისი კიევში უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდნენ. ამ ვიზიტით მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საომარ მდგომარეობაში მყოფი უკრაინის პროევროპული მისწრაფებებისადმი.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა იქნება მათი შეთანხმებული და საერთო მტკიცე პოზიციის მთავარი გამოვლინება. მისი თქმით, ევროპის ისტორია და მისი განვითარება ცხადყოფს უკრაინის ევროპული მისწრაფებისადმი ლიდერების მხარდაჭერას. ზელენსკის მიაჩნია, რომ უკრაინის კანდიდატის სტატუსს შეუძლია გააძლიეროს თავისუფლება ევროპაში და ეს ევროკავშირისთვის 21-ე საუკუნის პირველი მესამედის ერთ-ერთი მთავარი გადაწყვეტილება იქნება.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთი არ უნდა იყოს დამცირებულ მდგომარეობაში, რასაც მსოფლიო საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. საფრანგეთის ლიდერმა ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, კიევში ვიზიტით მყოფი ოთხივე ლიდერი მხარს უჭერს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. მაკრონი ამბობს,რომ სტატუსთან ერთად შემუშავდება კონკრეტული გეგმა, რომელშიც გათვალისწინებული იქნება, თუ რა ვითარებაა დასავლეთ ბალკანეთის რეგიონში, კონკრეტულად კი მოლდოვაში.
გერმანიის კანცლერმაც, რომელსაც რუსეთის მიმართ ზედმეტად ლოიალური დამოკიდებულებისთვის აკრიტიკებენ, გაიხსენა ის რადიკალური ცვლილებები, რომლებიც მისმა ქვეყანამ უკრაინის დასახმარებლად განახორციელა.
ოლაფ შოლცი ამბობს, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. გერმანიამ შეცვალა თავისი მიდგომები, როდესაც გადაწყვიტა, რომ იარაღი და აღჭურვილობა გადაეცა უკრაინისთვის. ოლაფ შოლცი აღნიშნავს, რომ ისინი ამ დახმარებას მომავალშიც გააგრძელებენ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი ამბობს, რომ უკრაინის საზოგადოებას მტკიცე რეფორმების გატარება მოუწევს, თუმცა, ამავდროულად, აღიარა, რომ უკრაინა იცავს დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებებს, რომლებზეც ევროპული პროექტია დაფუძნებული.