თებერვლიდან აპრილის ბოლომდე მარიუპოლში, უკრაინის სხვა ქალაქებთან შედარებით, ყველაზე მძიმე ვითარება იყო – სწორედ ასე შეაფასა გაეროს ადამიანის უფლებათა ხელმძღვანელმა მიშელ ბაჩელეტმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და თითქმის სრულად განადგურებული საპორტო ქალაქი, რომელსაც ახლა მოსკოვი აკონტროლებს. ბაჩელეტმა უახლესი ინფორმაცია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წარუდგინა.
გაერომ დაადასტურა მარიუპოლში მშვიდობიანი მოქალაქეების გარდაცვალების 1348 შემთხვევა, მათ შორის 70 ბავშვისა. თუმცა მიშელ ბაჩელეტი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეების რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია. მოქალაქეები ემსხვერპლნენ საჰაერო დარტყმებს, სატანკო და საარტილერიო ცეცხლსა და ცეცხლსასროლი იარაღისა და ავტომატის ტყვიებს.
გაეროს მონიტორინგის წარმომადგენლებმა, რომლებიც უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვერ ახერხებდნენ მარიუპოლში შესვლას, ინფორმაცია შეაგროვეს სატელიტური ფოტოებისა და იმ ადამიანების მეშვეობით, რომლებმაც ქალაქის დატოვება მოახერხეს.
მიშელ ბაჩელეტის თქმით, ბევრი ადამიანი დაბომბვას შეეწირა, ზოგი კი – დამწვრობით დაიღუპა ან გაიგუდა, რადგან დაბომბვის შედეგად გაჩენილი ხანძრების ჩაქრობას ვერ ახერხებდნენ. მათ წყალიც არ ჰქონდათ, ამიტომ მოქალაქეებს გრძელი და სახიფათო გზის გავლა უწევდათ, რომ ჭამდე თუ წყლის რეზერვუარამდე მისულიყვნენ. ზოგი თოვლს ადნობდა ან იმ წყალს სვამდა, რომელსაც ავტომობილებსა თუ სხვა დანადგარებში იპოვიდნენ.
რუსეთმა მარიუპოლზე კონტროლი 3 თვეში დაამყარა. ბაჩელეტი აღნიშნავს, რომ ქალაქში მძიმე მდგომარეობაა. მოსახლეობას, ფაქტობრივად, არ აქვს წვდომა სამედიცინო და სხვა ძირითად სერვისებზე. მათ არ შეუძლიათ თავისუფლად ქალაქის დატოვება ან უკან დაბრუნება. მისი აზრით, მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი საშინელებები წარუშლელ კვალს დატოვებს მომავალ თაობებზე.