მთავარი საქართველო ვინ მიდის დღეს თბილისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე?

ვინ მიდის დღეს თბილისში ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციაზე?

თბილისში ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად დღეს, 16 ივნისს აქცია გაიმართება, რომლის ინიციატივაც საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის. შეკრებასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა ოპოზიციაში. აქციას ოპოზიციის ნაწილი დაესწრება.

„ადამიანებს აქვთ არჩევანი. მთავარია, რომ ერთ აქციაზე მაინც საქართველოს მოქალაქეები მოვიდნენ. გასაგებია, რომ ამ ქვეყანაში გაერთიანება ძალიან ჭირს, გასაგებია, რომ ყველას თავისი თავი ჰგონია ყველაზე მეტად ევროპული, მაგრამ ამ ვითარებაში ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება საქართველოსა და ევროკავშირის დროშები“, – განაცხადა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა.

„ევროკავშირის ელჩიც უერთდება დღევანდელ აქციას, მივესალმები, რომ სხვა ელჩებიც უერთდებიან. ჩვენ ჩვენს ტურნეს ვაგრძელებთ საქართველოში, იმიტომ,რომ უნდა გავიშალოთ მთელ საქართველოში“, – აღნიშნა „სტრატეგია აღამშენბლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

„ევროპული საქართველო“ არც კი განვიხილავთ სერიოზულად სალომე ზურაბიშვილის ტყავის გადარჩენის მცდელობებს. არც ბიძინა ივანიშვილის ნამუსის მოწმენდის მცდელობებს მის მიერ, არც საზოგადოებრივი პროტესტის გახლეჩვის მცდელობებს და მგონია, რომ ამ თამაშში არ უნდა ავყვეთ არც პრეზიდენტ ზურაბიშვილს და არც ბიძინა ივანიშვილის რეჟიმს“, – თქვა „ევროპული საქართველოს წარმომადგენელმა, გიორგი ნონიაშვილმა.

დღევანდელი აქციის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა 14 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი განმარტებით, ამ აქციაზე არ იქნება არც სიტყვით გამოსვლები და არც პოლიტიკური განცხადებები. პრეზიდენტის აზრით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ევროპამ ქართველი ხალხის ნება დაინახოს.

აქციას არ ესწრება პარტია „ქართული ოცნება“. მმართველ გუნდში ფიქრობენ, რომ სპონტანურად და მოუმზადებლად დაანონსებული აქცია, ვერ გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების ერთობას და ნებას გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

„არანაირი პირდაპირი კავშირი ევროკავშირის მიერ მიღებულ და მისაღებ გადაწყვეტილებასთან ამას არ აქვს. აქედან გამომდინარე, თუ მართლა აქციაზეა დამოკიდებული საქართველოს და ჩვენი პოლიტიკოსების რიტორიკაა ერთმანეთთან გადამწყვეტი ევროკავშირთან მიმართებით, მაშინ ეს არ ყოფილა სერიოზული ხედვა იმისა, თუ რა არის ევროკავშირი“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ყველა ადამიანს აქვს თავისი პოზიციის გამოხატვის უფლება. მე მჯერა, რომ ასეთ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღება უნდა იყოს პოლიტიკურ ინსტიტუციებში და არა ქუჩაში. ელჩებს აქვთ იმის უფლება, რომ დაესწრონ ნებისმიერ ღონისძიებას სადაც მოუნდებათ“, – აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ.

ევროპის მოედანზე შეკრებაში მონაწილეობას ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიღებს. ასევე აქციას რამდენიმე დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი, მათ შორის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებიც შეუერთდებიან.

ანა ალელიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend