ესტონეთი და ფინეთი მრავალმხრივ არიან დაკავშირებული ერთმანეთთან. ყოველ წელს მილიონობით ადამიანი მოგზაურობს ჰელსინკსა და ტალინს შორის. ევროკავშირის ამ ორი ქვეყანის კავშირი კიდევ უფრო მჭიდრო ხდება. ახლა ესტონელებსა და ფინელებს გამოწერილი რეცეპტით მედიკამენტის მიღება ორივე ქვეყნის ნებისმიერ აფთიაქში შეუძლიათ.
ეს კი რეცეპტისა და მედიკამენტის ელექტრონული წესით გაცემის დამსახურებაა. აღნიშნული სისტემა 2019 წელს ამოქმედდა. ფარმაცევტს ელექტრონული რეცეპტის პლატფორმაზე პაციენტის ელექტრონული პირადობის მოწმობის მონაცემები შეჰყავს შესამოწმებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გასცემს გამოწერილ წამალს.
ალექსანდრ ვარესი, ფარმაცევტი:
„იმდენად, რამდენადაც ერთიანი სისტემა გვაქვს, როდესაც ადამიანი რეცეპტს წარმოადგენს, ჩვენ მასზე გაცემული წამლების მთელ სიას ვხედავთ. ამ სიას სისტემა ავტომატურად თარგმნის ესტონურად. ასე რომ, ჩვენთვის ყველაფერი გასაგებია. როდესაც მედიკამენტი გაიყიდება, ჩვენს სისტემას სულ რამდენიმე წუთი სჭირდება იმისთვის, რომ ინფორმაცია პაციენტის სამშობლოში გააგზავნოს და ამის შემდეგ ან რეცეპტი იშლება, ან გასაცემი წამლის რაოდენობა მცირდება.
ყველა მედიკამენტის შეძენა შესაძლებელია, გარდა ფსიქოტროპული და ნარკოტიკული მედიკამენტებისა, ასევე ინდივიდუალურად მოსამზადებელი მედიკამენტებისა, რომლებიც აფთიაქში მზადდება.“
ელექტრონული რეცეპტის სისტემა ესტონეთის საინფორმაციო ტექნოლოგიების სააგენტო Tehik-მა შექმნა. ამ სააგენტოს გამოცდილების საფუძველზე შეიმუშავა ევროკომისიამ „ევროპის ჯანდაცვის მონაცემთა სივრცე“ – პროექტი, რომლის მიზანია, საგრძნობლად გააუმჯობესოს ევროკავშირის ქვეყნებს შორის ჯანდაცვის სისტემის მომსახურება პაციენტის პირადი მონაცემების მართვის გზით.
ელექტრონული რეცეპტის სისტემა ევროპის ელექტრონული ჯანდაცვის ციფრულ ინფრასტრუქტურას ეყრდნობა. ეს ქსელი ევროკავშირის ფარგლებში მოგზაურობის დროს ჯანდაცვის მომსახურების უწყვეტ მიწოდებას უზრუნველყოფს.
სხვადასხვა ქვეყანას შორის ჯანდაცვის უწყვეტი მომსახურების ორი პალტფორმა უკვე მოქმედებს: ელექტრონული რეცეპტისა და წამლის გაცემისა.
ეს სისტემა პაციენტის ავადმყოფობის ისტორიას მოიცავს და იგი უკვე დანერგა რამდენიმე ქვეყანამ: ესტონეთმა, ფინეთმა, ხორვატიამ და პორტუგალიამ. სისტემას მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ევროკავშირის დანარჩენი წევრებიც შეუერთდებიან.
ტინის იაგუსი, Tehik-ის ჯანდაცვის განყოფილების ხელმძღვანელი:
„ახლა მოგაზურობის დროს აღარ ვფიქრობთ, გვაქვს თუ არა როუმინგის პაკეტი მობილურ ტელეფონზე. ზუსტად ასეთივე მარტივი უნდა იყოს ჯანდაცვის ელექტრონული მომსახურების სისტემაც. მე არ უნდა მიწევდეს ფიქრი იმაზე, მაქვს თუ არა თან ქაღალდის რეცეპტი. ეს აღარ უნდა გჭირდებოდეს. მე უბრალოდ უნდა შევიდე აფთიაქში, წარვადგინო ჩემი პირადობა და მივიღო სასურველი მედიკამენტი.“
ჯანდაცვის სხვადასხვა სისტემის დაკავშირება ევროპაში მაღალი დონის უსაფრთხოებასა და ურთიერთთავსებადობას მოითხოვს.
არტურ ნოვეკი, სააგენტო Tehik-ის ინფორმატიკის არქიტექტორი:
„ხალხის იდენტიფიცირება უსაფრთხოდ უნდა მოხდეს და ამის ორი გზა გვაქვს. ერთია პირადობის მოწმობა და მეორე – მობილურში ჩატვირთული პირადი ინფორმაცია, ტელეფონში დევს ჩიპი, რომელიც შეიცავს თქვენს პირად კოდს, რომლითაც სისტემაში თქვენი ამოცნობა შეიძლება.“
მომავალში ევროპის ქვეყნებს შორის ჯანდაცვის უწყვეტი მომსახურება მობილური ტელეფონის როუმინგის სერვისის მსგავსად უნდა მუშაობდეს. პაციენტის სამედიცინო ანკეტა და მასზე გაცემული რეცეპტები ადამიანს სხვა ქვეყანაში გადასვლის დროსაც თან გადაჰყვება, რაც მისთვის სანდო სამედიცინო მომსახურების გარანტი იქნება.
ავტორი: კლაუდიო როსმინო