მთავარისაქართველოპაციენტი, რომელსაც „მაიმუნის ყვავილი" დაუდასტურდა ახალგაზრდა მამაკაცია

პაციენტი, რომელსაც „მაიმუნის ყვავილი” დაუდასტურდა ახალგაზრდა მამაკაცია

საქართველოში მაიმუნის ყვავილის პირველი შემთხვევა დღეს, 15 ივნისს დადასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საეჭვო პაციენტს 2 კვირის განმავლობაში სიღრმისეულად იკვლევდა.

პაციენტს ვირუსული დაავადების მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და ჯანდაცვის წარმომადგენლების თქმით შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან, სახლში.

პაციენტი, რომელსაც მაიმუნის ყვავილი დაუდასტურდა, ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

„ყველაზე ტიპური ამ დაავადების დროს არის გამონაყარი. ამიტომ გავაძლიერეთ ზედამხედველობა გამონაყარით მიმდინარე დაავადებებზე. ამ დროის განმავლობაში 4 სავარაუდო შემთხვევა გამოგვიგზავნეს სამედიცინო დაწესებულებებიდან გამოსაკვლევად. 4-დან 3 შემთხვევაში არ დადასტურდა „მაიმუნის ყვავილი”. ხოლო ერთ შემთხვევაში მივიღეთ საეჭვოდ დადებითი პასუხი და გადავწყვიტეთ ღრმა კვლევის ჩატარება“, – ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას რამდენიმე დღის წინ აცნობა, რომ ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის საეჭვო შემთხვევა არსებობდა. ჯანმოს დღეს უკვე დადასტურებულ პასუხი გაეგზავნება.

„მაიმუნის ყვავილის შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ ექსპერტებმა უნდა მოიძიონ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორი ეპიდვითარებაა მსოფლიოში და არის თუ არა ეს სარისკო. პანდემიის პრევენციის მრავალი გზა არსებობს, მათ შორის ინფიცირებულის ახლო კონტაქტების კვლევა. საჭირო შემთხვევაში კი – ვაქცინაცია. მაიმუნის ყვავილზე ინფორმაციას ყოველდღიურად იკვლევენ. მე ვფიქრობ, რომ გვაქვს მრავალი გზა, პანდემია რომ ავიცილოთ თავიდან“, – განაცხადა ჩარლზ ვაიტეკმა, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების ევროპისა და აზიის რეგიონულმა დირექტორმა.

პაციენტი კი, რომლის ნიმუშის კვლევაც დღეს დასრულდა, უკვე სახლშია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ქვეყანაში ამ კონკრეტული შემთხვევიდან ვირუსის გავრცელების რისკი არ არსებობს, რადგან პაციენტმა სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართა სამედიცინო დაწესებულებას.

ამავე დროს ის ადამიანები, რომლებთანაც პაციენტს გარკვეული შეხება ჰქონდა, მეთვალყურეობის ქვეშ არიან. გასათვალისწინებელია, რომ პაციენტს ახლო კონტაქტი არავისთან ჰქონია.

რესპირატორებისა და ხელთათმანების მუდმივი გამოყენება მოუწევს სამედიცინო პერსონალს,  რომელმაც უნდა გასინჯოს პაციენტი. ასევე ოჯახის წევრებსაც, თუ დაავადებული არ არის იზოლირებული და სახლში რჩება დაავადების მსუბუქი მიმდინარეობის გამო. ხოლო სხვებისთვის, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის გამო ქუჩაში გადაადგილებისას ვურჩევდით პირბადის გამოყენებას, ამის საჭიროება ამჟამად არ არის“, – ამბობს ხათუნა ზახაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მომავალ კვირას საგანგებო სხდომას გამართავს იმის შესაფასებლად, არის თუ არა „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელება საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend