მთავარიევროპაუკრაინაუკრაინულ ქალაქ სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი განადგურებულია

უკრაინულ ქალაქ სევეროდონეცკთან დამაკავშირებელი ყველა ხიდი განადგურებულია

უკრაინულ ქალაქ სევეროდონეცკთან მიმავალი ყველა ხიდი განადგურებულია, რის გამოც ქალაქში პროდუქტების შეტანა და მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელია. ლუჰანსკის გუბერნატორის სერგეი გაიდაის ცნობით, დარჩენილი მოსახლეობა მძიმე მდგომარეობაშია, თუმცა უკრაინული არმია ბოლომდე ბლოკირებული არ არის.

500-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ქიმიურ ქარხანას აფარებს თავს. რუსულ არტილერიას აბსოლუტური უპირატესობა აქვს, თუმცა უკრაინა ბრძოლას არ წყვეტს. მათ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მიწოდებული იარაღის მეშვეობით რუსული სარაკეტო სისტემების განადგურება მოახერხეს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი და მძიმე ტექნიკა განადგურებულია.

პრორუსი სეპარატისტები ამტკიცებენ, რომ სევეროდონეცკში ბოლო უკრაინული დანაყოფები მას შემდეგ შეაჩერეს, რაც მეზობელ ქალაქ ლისიჩანსკთან მიმავალი ხიდი ააფეთქეს.

სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის აღება მოსკოვს საშუალება მისცემს კონტროლის ქვეშ მოაქციოს მთლიანად ლუჰანსკის ოლქი, რომლის დიდი ნაწილი უკვე კონტროლდება პრორუსი სეპარატისტების მიერ.

რუსული ჯარის ძირითადი ნაწილი დონბასშია მობილიზებული, თუმცა რუსეთი უკრაინის სხვადასხვა რაიონშიც აგრძელებს შეტევას. ჩერნიჰივის ჩრდილოეთ რეგიონში, ხანძრის საფრთხის გამო ოთხი უბნიდან ხალხის ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც ტერიტორია ზედიზედ სამჯერ დაიბომბა.

ორშაბათს, 13 ივნისს დონეცკის ბაზრის ტერიტორია დაბომბეს, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბაზარში არა დასავლური რაკეტები, არამედ საბჭოთა პერიოდის ჭურვები ჩამოყარეს. პრორუსი სეპარატისტები კი თავდასხმაში უკრაინელებს ადანაშაულებენ.

ბუჩის რაიონთან, სოფელ მიროცკში, რომელის ტერიტორიაც რუსულმა ჯარებმა უკვე დატოვეს, უკრაინულმა მხარემ კიდევ ერთი სამარხი იპოვა, სადაც 7 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იყო. ინფორმაციას ადგილობრივი პოლიციის უფროსი ავრცელებს. მისივე თქმით, ცხედრებს წამების კვალი ეტყობათ. უმეტეს მათგანს ხელ-ფეხი აქვს შეკრული, ხოლო სიკვდილის მიზეზად თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები სახელდება.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ცნობით, ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა 12 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობას იძიებს.

უკრაინა დასავლეთისგან თანამედროვე იარაღის მიწოდებას მოითხოვს, რათა რუსეთთან თანასწორი ბრძოლა და თავის დაცვა შეძლოს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, დასავლეთის მიერ გადაცემული იარაღი არ მიეწოდებათ ისეთი სისწრაფით, როგორც საჭიროა. 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend