რა პასუხს მიიღებს საქართველო ევროკავშირისგან ივნისის ბოლოს – ახლა საქართველოში პოლიტიკური განხილვების მთავარი საკითხია. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს არ მისცემს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ქართულ ოცნებას“ დაეკისრება.
„კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება უპირობოდ რომ არ არსებობს, უნდა გვესმოდეს. ამ დროს, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელიც აცხადებს, რომ არ აპირებს არანაირი პირობების შესრულებას და შესაბამისად, ყველა ნაბიჯი და ყველა განცხადება, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” გააკეთა გასული კვირების განმავლობაში მიზანმიმართულად ხელს უშლის ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. თუ არ გადაწონის გეოპოლიტიკური არგუმენტები და ევროკავშირი არ მოგვცემს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დაეკისრება“, – განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი დავით კირკიტაძე დარწმუნებულია, რომ ახლა გადაწყვეტილება ევროკავშირი ხელშია და საქართველოში მოსახლეობა უნდა დაელოდოს ამ გადაწყვეტილებას.
„საქართველოს ხელისუფლების ხელშია ისინი წავლენ ჩვენი მოსახლეობის 80%-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ და ჩვენი ევროპელი პარტნიორების საწინააღმდეგოდ, თუ იმოქმედებენ ისე, რაც სურს ქართველ ხალხს, რაც სურს ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომ ჩვენ ვიყოთ პირველ ეტაპზე კანდიდატი ქვეყანა და შემდგომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ.
„დიპლომატიურ ფრონტზე, ალბათ, მაღალი აქტივობა იქნება ეს დღეები და უბრალოდ შედეგი უნდა დავინახოთ. ჯერ ძალიან რთულია ამის პროგნოზირება. უბრალოდ, მე მაღელვებს, რომ შიდა ამბავში „ქართულ ოცნების“ მხრიდან უცნაური პოზიციაა დაფიქსირებული, რაც, მე მგონი, მიუთითებს იმაზე, რომ გზას ეძებენ, როგორ გაამართლონ თავი, თუ ცუდი შედეგი დადგება“, – თქვა „გირჩის“ წარმომადგენელმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
მმართველ პარტიაში სჯერათ, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მხარდაჭერა მოიპოვოს და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. უმრავლესობის წევრებს მიაჩნიათ, რომ თუ ევროკავშირი ობიექტური იქნება, მაშინ მისი გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ დადებითი იქნება.
„მინდა, ხაზი გავუსვა – საქართველო არის ის ქვეყანა, რომელიც იმ კონკურენტულ ქვეყნებს შორის არის პირველ ადგილას, ყველა კრიტერიუმით. ჩვენ ევროინტეგრაციის, დაახლოებით, 45%-ზე მეტი გვაქვს შესრულებული, რითიც ვერ დაიკვეხნის ვერც უკრაინა, ვერც მოლდოვა. საქართველომ ამ 30 წლის განმავლობაში გადაიტანა ყველა უბედურება, რაც ჩვენ შეგვხვდა – ომები, დაპირისპირება. თუ ეს არ დაუფასდა საქართველოს, მგონია, ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი მოსახლეობის დარწმუნება, რომ ევროპა არის სამართლიანობა“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.
„ევროკავშირში სამომავლო გაწევრიანება არის ჩვენი ამოცანა და ეს ჩაიწერა მკაფიოდ საქართველოს კონსტიტუციაში. არცერთი ქართული ოპოზიციური პარტია, რომელიც დღეს ლაპარაკობს საკონსტიტუციო ჩანაწერზე, არ მონაწილეობდა ამაში და პირიქით, ისინი იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში და ხმა არ მისცეს კონსტიტუციის იმ ჩანაწერს, რომელიც გულისხმობდა, რომ საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა.
საქართველოს წარმატებას ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კუთხით, ევროკავშირიც აღიარებს.
თუმცა, ევრობლოკს საქართველოს ხელისუფლებასთან – პოლიტიკური, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების მიმართულებით კითხვები აქვს.
ანა ალელიშვილი