მთავარიგადაცემებინამდვილი ეკონომიკაცხოვრება ძვირდება - რატომ აყენებს უკრაინაში მიმდინარე ომი ევროპის ეკონომიკას ასეთ მძიმე...

ცხოვრება ძვირდება – რატომ აყენებს უკრაინაში მიმდინარე ომი ევროპის ეკონომიკას ასეთ მძიმე დარტყმას?

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომი ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ევროკავშირსაც. პანდემიის შემდეგ ეკონომიკა მტკიცე ნაბიჯებით მიიწევდა წინ გაჯანსაღების გზაზე, მაგრამ ახლა ევროკავშირმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 4-დან 2.7 პროცენტამდე დაწია, ხოლო ინფლაციის პროგნოზი მკვეთრად გაზარდა.

გავლენა ეკონომიკაზე

ევროკავშირის ეკონომიკას უკვე დაეტყო რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გავლენა.

გაიზარდა ფასები ენერგორესურსებზე, ინფლაციამ კი რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია.

უკრაინა და რუსეთი მსოფლიოში მოხმარებული ხორბლისა და ქერის მესამედს აწარმოებენ. ორივე ქვეყანა ლითონის მსხვილი ექსპორტიორიცაა.

ამ მიმართულებით მიწოდების ჯაჭვის რღვევამ და გარკვეულ ნედლეულზე ფასების ზრდამ  სურსათსა და ძირითადი მოხმარების საგნებსა თუ მომსახურებაზე ფასების ზრდა გამოიწვია.

ეს კი მძიმედ აწვება ბიზნესსაც და ჩვენს ჯიბესაც.

ევროკავშირმა საკუთარი ეკონომიკის წლევანდელი ზრდის პროგნოზი 4-დან 2.7 პროცენტამდე, მომავლი წლის პროგნოზი კი 2.8-დან 2.23 პროცენტამდე დაწია.

ინფლაციის პროგნოზი ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ 3.9 პროცენტი იყო – ახლა ეს მაჩვენებელი, დიდი ალბათობით, საშუალოდ 6.8 პროცენტამდე ავა.

ფასი, რომელსაც გერმანია იხდის

ეს ომი ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყნის ეკონომიკას სხვებზე მეტ ზიანს აყენებს. გერმანიის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და 1.6 პროცენტს შეადგენს.

გერმანიიის ე.წ.  Mittelstand-ი  – ანუ მისი საშუალო კომპანიების ეკოსისტემა, რომელიც ამ ქვეყნის ეკონომიკის ძრავად ითვლება – ძალიან მჭიდროდ არის დაკავშირებული მეზობელ ქვეყნებთან, მათ შორის უკრაინასთან.

ცმონისთვის, თქვენს ავტომობილში მოთავსებული კაბელების საერთო სიგრძე 5 კილომეტრია. ხოლო თუ თქვენი მანქანა ევროპაშია დამზადებული, ამ სადენების 7 პროცენტი უკრაინიდან მოდის.

2021 წელს ევროკავშირმა უკრაინიდან 760 მილიონ ევროს ღირებულების კაბელების იმპორტი განახორციელა. ამის  ძირითადი ნაწილი საავტომობილო ინდუსტრიას მოხმარდა, ნაწილი კი ავიაკოსმოსური მრეწველობის სექტორს.

მიუხედავად იმისა, რომ რაკეტების მწარმოებელი ეს  ქარხანა უშუალოდ უკრაინიდან არ მარაგდება, როდესაც თებერვალში რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, ამ ქარხნის მიწოდების ჯაჭვი თავდაყირა დადგა.

იორნ შპურმანი, საწარმო RFA-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი:

„ჩვენს მომწოდებლებს გარკვეული პროდუქტის მიღების მხრივ პრობლემები შეექმნათ.  ვხედავთ, რომ ლოგისტიკის ფასები კონტეინერების დეფიციტის გამო იზრდება, იმედი გვაქვს, რომ ეს დროებითი პრობლემაა. გარდა ამისა, ენერგომომარაგებაზეც ფასები აშკარად იმატებს. იმედია, ესეც მხოლოდ დროებითი პრობლემაა. მაგრამ დიახ, არის რაღაცები, რაც ბიზნესს აზიანებს, თუმცა უფრო მიწოდების ჯაჭვს ადგება ზარალი, ვიდრე ჩვენ.“

თუ ეს ქარხანა თავისი პირველი რაკეტის კოსმოსში გაშვებას 2023 წელს აპირებს, როგორც აქამდე გეგმავდა, მაშინ კომპანიას რაღაც ნოვატორულის მოფიქრება მოუწევს.

ამ ეტაპზე ეს საწარმო სხვა საწარმოებისთვის ამზადებს დეტალებსა და კომპონენეტებს, რომლებსაც ისინი რაკეტების დასამზადებლად იყენებენ, რადგან ამ გზით უფრო ადვილია წარმოების შენარჩუნება.

იორნ შპურმანი, საწარმო RFA-ის ხელმძღვანელი და თანადამფუძნებელი:

„გვყავს ისეთი მომწოდებლებიც, რომლებმაც ფასი გაგვიძვირეს ან მოწოდების დრო გაზარდეს. ამიტომ ალტერნატივის მოძებნა მოგვიწევს. ალტერნატივა ყოველთვის არსებობს. ჩვენ მხოლოდ ერთი მომწოდებელი არასოდეს გვყავს, მაგრამ ეს უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს ჩვენგან, მოწოდების ჯაჭვის მართვის თვალსაზრისით.“

პრობლემები მხოლოდ ავიკოსმოსურ ინდუსტრიას არ შექმნია ამ არეულობის გამო –  საფრთხის წინაშე დადგა ეკონომიკური ზრდაც, რომელსაც პანდემიის 2 წლის შემდეგ  ასე ელოდებოდნენ.

წლების განმავლობაში დაბალი ინფლაციის შემდეგ ხალხმა განსაკუთრებულად იგრძნო ინფლაციის წნეხი, რადგან ცხოვრება მთელ ევროპაში გაძვირდა.

ევროკომისიის ეკონომიკური პროგნოზის მიხედვით,  წელს გერმანიაში ინფლაცია 6.5 პროცნეტი იქნება, რაც რეკორდულად მაღალი რიცხვია 1990 წელს გერმანიის გაერთიანების შემდეგ.

იოაკიმ შალმაიერი, DEKABANK-ის კაპიტალის ბაზრისა და სტრატეგიის განყოფილების ხელმძღვანელი:

„მოსახლეობის მსყიდველობითი უნარი მცირდება. ამიტომ ისინი თავს იკავებენ.

კომპანიების კონკურენტუნარიანობა მცირდება, განსაკუთრებით გერმანიაში მოქმედი კომპანიებისთვის. ჩვენ მოგვიწევს ენერგომომარაგებაზე მაღალი ფასების ატანა, თან მათი გავლენა სხვა პროდუქტებზეც გავრცელდება, თუმცა არა ყველაფერზე.“

ეკონომიკის ზრდის შეფერხებისა და ფასების მატების ფონზე, ევროკავშირში იმედოვნებენ, რომ 800 მილიარდი ევროს მოცულობის ეკონომიკის გაჯანსაღების გეგმა ამ მდგომარეობის გაწონასწორების საშუალებას იძლევა. თუმცა გაურკვევლობა, როგორც ჩანს, კიდევ რამდენიმე კვირა და  თვე გასტანს და დამოკლეს მახვილივით დაემუქრება ეკონომიკას, რადგან ომი უკრაინაში ისევ გრძელდება.

ეკონომიკის ზრდისა და ინფლაციის პროგნოზი EU 27-ისა და ევროზონისთვის

ევროკავშირისა და მთელი ევროზონის ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2.7 პროცენტია, ინფლაცია კი ევროკავშირის ქვეყნებში სავარუდოდ რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს –  6,8 %-ს, ევროზონაში კი 6.1%-ს  მიაღწევს.

ამ საკითხზე მეტის გასაგებად „რეალური ეკონომიკის“ ჟურნალისტი ნაომი ლოიდი ეკონომისტ მარია დემერცისს ესაუბრა. იგი ბრიუსელში დაფუძნებული ეკონომიკური პროფილის ანალიტიკური ინსტიტუტის   Bruegel-ის დირექტორის მოადგილეა.

ნაომი ლოიდი, ევრონიუსი:

„შეცვალა თუ არა უკრაინაში მიმდინარე ომმა ფუნდამენტურად ევროპის ეკონომიკური პროგნოზები ან უფრო მეტად ხომ არ გაამწვავა უკვე არსებული ეკონომიკური საკითხები?“

მარია დემერცისი,  Bruegel-ის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე:

„მე ვფქირობ, უფრო მეორე. მაგალითად, ინფლაცია ამ ამბავმა ნამდვილად გაამწვავა. ამ ინფლაციის მიზეზი არის ენერგეტიკა და ენერგორესურსები, რომლებიც რუსეთიდან მოდის. ამან ევროპა უფრო დააზარალა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები, რადგან ჩვენ რუსეთზე ბევრად მეტად ვართ დამოკიდებული, ვიდრე სხვები.  ეს, რასაკვირველია, დამოკიდებულია ომის შედეგზე და იმაზე, თუ რამდენად სწრაფად ვიპოვით ევროპაში ალტერნატივას. რა თქმა უნდა, ამას ერთ ღამეში ვერ მოვახერხებთ. რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის პერსპექტივას, ჩემი აზრით, ჩვენ უკვე გამოვდივართ პანდემიიდან. გავბედავ და ვიტყვი, რომ ჯერ ისევ ვიმყოფებით პანდემიაში, მაგრამ სულ მცირე ეკონომიკა მაინც ახერხებს პანდემიის დაძლევას. სწორედ ამის შედეგად გვქონდა კარგი ზრდა, რომელიც ახლა ცოტა შეჩერდა, მაგრამ ვერ ვხედავ ფუნდამენტურ საფუძველს იმისა, რომ ეს შეიცვალოს.“

ნაომი ლოიდი, ევრონიუსი:

„ხალხი ხედავს, რომ ენერგომომარაგების გადასახადი იზრდება. ცხოვრება ძვირდება, სურსათი ძვირდება. ამ მდგომარეობის გაუარესებისთვის ხომ არ უნდა მოვემზადოთ?“

მარია დემერცისი,  Bruegel-ის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე:

„ვფიქრობ, რომ –  კი. კიდევ ერთი წელი ასეთი არანორმალური ინფლაცია გვექნება. ჩვენ ვნახეთ, რომ ბელგიაში, სადაც ვცხროვრობ, ფქვილის ფასი გაორმაგდა, რაც, რასაკვირველია, გავრცელდა პურის ფასზე, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამას უკვე ვგრძნობთ საკუთარ ჯიბეზე, როდესაც ავტომანქანაში საწვავს ვასხამთ, როდესაც მთელი კვირის სურსათს ვიმარაგებთ. მე ვიტყოდი, რომ ეს მდგომარეობა ცოტა კიდევ გაუარესდება მანამ, სანამ საქმე უკეთესობისკენ წავა. ასე რომ, ამ გადმოსახედიდან, ჩვენ, მართლაც უნდა მოვემზადოთ ოდნავ უარესისთვის.“

ნაომი ლოიდი, ევრონიუსი:

„არის თუ არა ინფლაცია რეალურად შემაშფოთებელი, თუ უბრალოდ ამდენი წლის განმავლობაში დაბალი ინფლაციის შემდეგ გვეჩვენება ასე?“

მარია დემერცისი,  Bruegel-ის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე:

„იცით, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ვადარებთ. თუ არსებულ ინფლაციას შევადარებთ გასული ათის წლის ინფლაციას, მაშინ დიახაც, ასეა, ჩვენ შევეჩვიეთ დაბალ ინფლაციას. მაგრამ ეს არ არის პრობლემა, თუ შევადარებთ გასული საუკუნის 60-იან წლებს, როდესაც დიდი სტაგნაცია იყო, ინფალცია 15 პროცენტზე იდგა და ეკონომიკა ეცემოდა. ახლა ნამდვილად არ გვაქვს ასეთი მაჩვენებლები. მე ასეთ მაჩვენებლებს ყველაზე ცუდი სცენარის პირობებშიც კი არ ველოდები. მაგრამ, რასაკვირველია, ასეთი ტიპის პროგნოზებისგან თავი უნდა შევიკავოთ, რადგან ამის განჭვრეტა ძალიან რთულია.“

ნაომი ლოიდი, ევრონიუსი:

„საპორცენტო განაკვეთების ზრდასაც ხომ არ უნდა ველოდოთ?“

მარია დემერცისი,  Bruegel-ის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე:

„ჩემი აზრით,  ევროპის ცენტრალურ ბანკს, ან რომელიმე სხვა ცენტრალურ ბანკს, რომელსაც ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის მართვა უხდება,  ძალიან გაუჭირდება, რომ არ გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი ისეთ მაღალი ინფლაციის პირობებში, როგორსაც ჩვენ ვხედავთ ახლა.“

ნაომი ლოიდი, ევრონიუსი:

„რამდენად გაღელვებთ ევროპის ეკონომიკის არსებული მდგომარეობა ამ წუთას?“

მარია დემერცისი,  Bruegel-ის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე:

„ჩემი აზრით, ევროპის ეკონომიკამ საკმაოდ კარგად გადაიტანა პანდემიით გამოწვეული კრიზისი. ახალი კრიზისი, რა თქმა უნდა, სულ სხვა ბუნებისაა და ის ისეთი კრიზისია, რომელიც გავლენას მოახდენს გლობალურ თანამშრომლობაზე და ამას, რასაკვირველია, ეკონომიკაშიც ექნება გამოძახილი. ჩემი აზრით, ევროპის ეკონომიკა საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია იმისათვის, რომ გაუძლოს არსებულ ვითარებას. თუ როგორ მოვახერხებთ ამის მართვას, ეს დამოკიდებულია იმაზეც, თუ როგორ წარიმართება ომი.

 

ავტორები: ნაომი ლოიდი და გიიომ დესჟარდინსი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend