უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა, თუმცა რუსეთის შეჭრისა და შავი ზღვის პორტების ბლოკირების გამო, ფაქტობრივად, სრულად შეჩერებულია ქვეყნიდან აგროპროდუქტების ექსპორტი.
უკრაინელ ფერმერებს აქვთ მარცვლეული, თუმცა არ ჰყავთ მყიდველები. საგრძნობლად გაიზარდა საოპერაციო ხარჯები. ფერმერები ღელავენ, რომ დაზარალებული აგროსექტორი მალე კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება.
მარცვლეული საწყობშია მოთავსებული. დონბასელი ფერმერი დარწმუნებულია, რომ აგროსექტორი კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება, თუ რუსეთ-უკრაინის ომი კიდევ დიდხანს გაგრძელდება.
სერჰი ჰრებცოვი, რომელიც სოფელ პტიჩედან არის, ამბობს, რომ ტრასნპორტირების შეჩერების გამო საწყობებში ტონობით მარცვლეული გროვდება. მისი თქმით, ეს პრობლემა მხოლოდ უკრაინას არ ეხება. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად მსოფლიო ბაზრებზე მკვეთრად გაიზარდა მარცვლეულის ფასი, თუმცა ისეთ სოფელში, როგორიცაა პტიჩე, სადაც მყიდველთა სიმცირეა, მარცვლეულის ფასი ისეთი დაბალია, რომ აზრი აღარ აქვს რამის დათესვას.
უკვე თვეებია, ფერმერები ომის გამო საწყობიდან ვერ ახერხებენ მარცვლეულის გატანას. ტრანსპორტირება სრულადაა შეჩერებული. სერჰი ამბობს, რომ აქ არავის სურს ჩამოსვლა, მიუხედავად იმისა, რომ მარტო მის სოფელში 70 – 80 ტონა მარცვლეულია საწყობში მოთავსებული.
იმავე პრობლემის წინაშე არიან მეზობელ სოფლებშიც. მართალია, არიან მყიდველებიც, თუმცა ეს, ფაქტობრივად, არაფერს ნიშნავს, რადგან გადაყრა უფრო იაფი დაჯდება, ვიდრე მათთვის მიყიდვა. ისინი ტონაში მხოლოდ 100 დოლარს იხდიან.
უკრაინელი სამხედროები ძალისხმევას არ იშურებენ და არ თმობენ ქვეყნის აღმოსავლეთს, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა, უმძიმესი ბრძოლები მიმდინარეობს. დაბობმვა და სარაკეტო თავდასხმები დონბასის რეგიონში ყოველდღიური მოვლენაა. რუსი ჯარისკაცები თავს ესხმიან როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო ინფრასტრუქტურას.
მარცვლეული ინახება საწყობებში, რომლებიც დაბომბვის გამო ძლიერ არის დაზიანებული. ფერმერები ცდილობენ, როგორმე დაიცვან მარცვლეული. საწყობს აფარებენ ბრეზენტს, რომ შიგნით არ ჩავარდეს რამე. მათი თქმით, აზრი არ აქვს პროდუქტის მოყვანას, რადგან მაინც ვერ გაყიდიან. საწვავის ფასიც, ისევე, როგორც სასუქების, საგრძნობლად გაიზარდა. მათ დიდი ხარჯი აქვთ. ერთი ტონა საწვავი დაახლოებით 2300 დოლარი ღირს. სასუქები – 1000 დოლარი. ფერმერები კი მიზერულ ფასად ყიდიან. მათი აზრით, ერთ-ორ წელიწადში აგროსექტორი მთლიანად განადგურდება.
უკრაინა მსოფლიოში ხორბლისა და სიმინდის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი ქვეყანაა.
თუმცა რუსეთის მიერ ქვეყანაში შეჭრამ და შავი ზღვის პორტების ბლოკირებამ თითქმის სრულად შეაჩერა ქვეყნიდან ამ პროდუქტების ექსპორტი. ამ პრობლემამ სასურსათო კრიზისის წინაშე დააყენა ბევრი განვითარებადი ქვეყანა, განსაკუთრებით აფრიკა.