საფრანგეთის საპარლამენტო არჩევნების პირველ ტური მემარცხენეების გამარჯვებით დასრულდა. მემარცხენე ალიანსი ჟან ლუკ მელენშონის მეთაურობით კვლავ მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება.
„სიმართლე ის არის, რომ პრეზიდენტის პარტია ამ პირველი ტურის ბოლოს დამარცხდა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საფრანგეთის ისტორიაში პირველად ახლადარჩეულ პრეზიდენტს არ ძალუძს, უმრავლესობის მოპოვება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში“, – განაცხადა მემარცხენე კოალიციის ლიდერმა ჟან-ლუკ მელენშონმა.
მიუხედავად იმისა, რომ პირველ ტურში მაკრონის პარტიამ სათანადო უპირატესობა ვერ მიიღო, მაინც აქვთ იმედი, რომ მეორე ტურში საფრანგეთის პარლამენტში უმრავლესობას მაკრონის თანაპარტიელები მოიპოვებენ. ხელისუფლების წარმომადგენლები ამომრჩევლებს უახლოეს დღეებში მიმართავენ.
“ჩვენ მობილიზაციისთვის, ხალხის დასარწმუნებლად და უმრავლესობის მისაღებად კიდევ ერთი კვირა გვაქვს. მხოლოდ ეს ძლიერი და ნათელი უმრავლესობა მოგვცემს საშუალებას, გავუმკლავდეთ გადაუდებელ საჭიროებებს, რომლებიც ამძიმებს ფრანგების ყოველდღიურ ცხოვრებას. ჩვენ უნდა შევძლოთ, არსებულ გამოწვევებს სათანადოდ ვუპასუხოთ. მომავალი კვირა იქნება გადამწყვეტი. საპრეზიდენტო უმრავლესობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემით თქვენ ქმნით საფრანგეთის მომავალსა და იცავთ მის ღირებულებებს”,- განაცხადა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ელისაბედ ბორნმა.
ულტრამემარჯვენე კანდიდატმა მარინ ლე პენმა ვერ შეძლო უპირატესობის მოპოვება, მისი პარტია საფრანგეთში მესამე ადგილს იკავებს.
ლე პენმა მოუწოდა მოქალაქეებს, მეორე ტურში არ მისცენ ხმა, არც მაკრონს და არც მელენშონს.
შეფასებებისგან თავს იკავებდა ამ არჩევნების მთავარი გმირი, რომელსაც სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ფრანგების უმრავლესობა უჭერს მხარს.
მეორე ტურისთვის კანდიდატების მიზანი საკუთარი ძალის მობილიზება და თავიანთ შესაძლებლობებში ხალხის დარწმუნება იქნება.