მთავარისპორტისაქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩი უგოლოდ დასრულდა

საქართველოსა და ბულგარეთის ნაკრებების მატჩი უგოლოდ დასრულდა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩში ბულგარეთთან ფრედ ითამაშა. “დინამო არენაზე” გამართულ მატჩში გოლი არ გასულა. მატჩის დაწყებამდე ორი დღით ადრე ყველა ბილეთი გაიყიდა და შეხვედრას 50 000-ზე მეტი გულშემატკივარი დაესწრო. ოთხი თამაშის შემდეგ საქართველომ 10 ქულა მოაგროვა და სი დივიზიონის ჯგუფში პირველ ადგილს იკავებს, მეორე ადგილზე 7 ქულით ჩრდილოეთ მაკედონიაა, ბულგარეთი 3 ქულით მესამე ადგილზეა, გიბრალტარის ნაკრებს კი 1 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაშია.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ვილი სანიოლი ამბობს, რომ ეს შედეგი გუნდისთვის უფრო დიდი მოტივაციაა.

„ბოლო ორ კვირას დადებითად შევაფასებ. ოთხი თამაშის შემდეგ 10 ქულას ბევრი არც ელოდა. გასაგებია, რომ ცოტა იმედგაცრუებულები ვართ დღევანდელი შედეგით, თუმცა ეს კარგიც არის, რადგან ნიშნავს, რომ მეტის მიღწევის ამბიცია გვაქვს. ეს დაგვეხმარება სექტემბერში და ზოგადად მომავალში.

არ მინდა მხოლოდ ბოლო ოთხი თვის შესახებ ვისაუბრო. ოქტომბრის შემდეგ, 9-დან 7 მატჩი მოვიგეთ, 2 ფრედ დავასრულეთ, 7 შეხვედრაში გოლი არ გაგვიშვია. ბოლო 6-7 თვის განმავლობაში ფეხბურთელები მაღალ დონეზე ასპარეზობენ. მიხარია, რომ ამის ნაწილი ვარ და მაქვს შესაძლებლობა მათი მწვრთნელი ვიყო. საკმაოდ მომთხოვნი მწვრთნელი ვარ, განსაკუთრებით დისციპლინის მხრივ და ვთვლი, რომ ფეხბურთელებმა ეს კარგად მიიღეს. აქედან გამომდინარე, დღეს დადებითი ემოციები მაქვს.

90 წუთის განმავლობაში ბულგარეთის ნაკრებს ერთი შანსიც არ ჰქონია. ამიტომ, დაცვის თამაშით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები უნდა გაგვეკეთებინა, რადგან ათ დღეში ოთხი თამაშის ჩატარება ძალიან რთულია. ჩვენი ინტენსივობა ბოლო კვირის განმავლობაში საკმაოდ მაღალ დონეზეა ევროპის წამყვან ნაკრებებთან შედარებითაც კი. ყველა ბოლომდე დაიხარჯა, ფეხბურთელები, მწვრთნელები, სტაფი. რა თქმა უნდა, როდესაც რამდენიმე ცვლილებას აკეთებ, ზოგჯერ თამაში თავისუფლად არ მიდის, თუმცა ტურნირის ფორმატიდან გამომდინარე, ეს აუცილებელი იყო. დღევანდელ თამაშში მნიშვნელოვანი იყო ფიტნესის, სისწრაფის პრობლემა. ის შეგრძნება, რომელიც მატჩის შემდეგ დაგვეუფლა, კარგია, რადგან ეს მეტ მოტივაციას მოგცემს, რომ ვიმუშაოთ და ვიფიქროთ იმაზე, რა არის გასაუმჯობესებელი. დაღლილები ვართ, რადგან მოკლე პერიოდში ბევრი რამ მოხდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოთამაშეები, სტაფი, ფეხბურთის ფედერაცია მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ სექტემბერში კვლავ ერთად ვიქნებით.

ოთხი მატჩის შემდეგ 10 ქულა გვაქვს, კარგი მატჩები ჩავატარეთ და ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებს უნდა მივულოცოთ. მათ ქვეყანას სიხარული მოუტანეს და ხალხმაც დიდებულად გვიპასუხა. ატმოსფერო შესანიშნავი იყო სტადიონზე და დარწმუნებული ვარ, სექტემბერში, როდესაც არენა კვლავ შეივსება, უფრო უკეთეს თამაშს შევთავაზებთ მაყურებელს, რათა კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოვიპოვოთ,”- განაცხადა ვილი სანიოლმა.

მომდევნო შეხვედრას საქართველო ნაკრები 23 სექტემბერს, კვლავ “დინამო არენაზე”, ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend