მთავარი გადაცემები ოკეანე ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნები ზღვის ფაუნის ახალი სახეობების ათვისებას ცდილობენ

ხმელთაშუა ზღვისპირეთის ქვეყნები ზღვის ფაუნის ახალი სახეობების ათვისებას ცდილობენ

ებროს დელტა კატალონიაში ყველაზე დიდი ჭარბტენიანი ტერიტორიაა, სადაც ტრადიციულად მეთევზეობას მისდევენ.

საუკუნეების განმავლობაში ადგილობრივი ასოციაცია – San Pere  – ყველაზე დიდ ენკანისადის ყურეში თევზაობდა.

მაგრამ რამდენიმე წლის წინ  ნადავლის ჩვეული სახეობები შემცირდა და მათ ნაცვლად ახალი სახეობა – ლურჯი კიბორჩხალა გაჩნდა. ამ მრისხანე სახეობამ, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში გავრცელებულ კიბოსებრთა  ოჯახს მიეკუთვნება, სრულად დაიპყრო  ახალი ყურე და ადგილობრივ ზღვის ფაუნას მუსრი გაავლო.

რაულ პაულინო, მეთევზე:

„ეს კიბორჩხალა ყველანაირ ლიფსიტას და  ქვირითს ჭამს, თან ჩვენს ბადეებს ანადგურებს! ის ყველაფერს ნთქვას! ყველა ენდემური თევზის სახეობა შეჭამა.“

რადგან ადრე გავრცელებული სახეობები განადგურდა, ადგილობრივი მეთევზეები ლურჯ კიბორჩხალას იჭერენ.

რაულ პაულინო, მეთევზე:

„პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან ბევრს ვიჭერდით, მაგრამ ფასი არ ჰქონდათ. ახლა პირიქითაა – რაოდენობა შეცოტავდა, მაგრამ ფასი გაიზარდა. მაგრამ რას იზამ, ასეთია მეთევზის ცხოვრება.“

ადგილობრივი მკვლევრები ამბობენ, რომ პროფესიონალი მეთვეზეებისთვის ახალი კიბორჩხალების დაჭერაზე ნებართვის მიცემა ყველაზე საიმედო გამოსავალია, რათა მისი სწრაფი გამრავლება შეჩერდეს. კატალონია აქცენტს სპეციალური თანამმართველობის კომიტეტებზე აკეთებს, რომლებიც მეცნიერულ რჩევებს იძლევიან, თევზჭერის მეთოდებს აუმჯობესებენ და ლურჯი კიბორჩხალით ვაჭრობას უწყობენ ხელს  –  თევზის ბაზრების მეშვეობით.

ესპანეთის ამ რეგიონს ყურადღებით აკვირდებიან სხვა რეგიონები, რომლებსაც კიბორჩხალების შემოსევა სულ უფრო მეტ ზარალს აყენებს.

ხმელთაშუაზღვის მეთევზეობის გენერალურმა კომისიამ ხმელთაშუა ზღვაში ლურჯი კობორჩხალის გავრცელების კვლევითი პროგრამა დაიწყო.

პერე აბელო, ორგანიზაცია ICM-CSIC-ის უფროსი მკვლევარი/კიბოსებრთა ბიოლოგი:

„ჩვენ უნდა გადავჭრათ ცოდნასთან დაკავშირებული პრობლემები. და ეს ყველა მხარეს გულისხმობს, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აწუხებს – მეთევზეებს, მეთევზეობის ადმინისტრაციას, მეცნიერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც.“

ინოვაციური სათევზაო მოწყობილობისა და ფართომასშტაბიანი თევზჭერისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის განვითარებამ კატალონიაში, როგორც ჩანს, შედეგი გამოიღო: ლურჯმა კიბორჩხალამ გამრავლება შეწყვიტა, თუმცა ამის დასადასტურებლად დამატებითი კვლევებია საჭირო. ნებისმიერ შემთხვევაში, აბეზარი ლურჯი კიბორჩხალა, რომელიც კომერციული გემების საცურაო აკვატორიაში, სავარაუდოდ ამერიკიდან შემოვიდა, როგორც ჩანს, არსად წავა.

ვერონიკა ლოპესი, IEPAAC -ის თევზის ბიოლოგი:

„დღეის მდგომარეობით უნდა ითქვას, რომ ამ სახეობის განადგურება, ფაქტობრივად, შეუძლებელია მისი თანდაყოლილი თვისებების გამო. მაგრამ ჩვენი მიზანია, რომ შევძლოთ მისი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა, რათა  სხვა სახეობები აღდგეს და მეთევზეებმა ისევ შეძლონ ჩვეული ნადავლის დაჭერა.“

 

ლურჯი კიბორჩხალის შემოსევის წინააღმდეგ ბრძოლას ისიც აადვილებს, რომ იგი ძალიან გემრიელია, ამიტომ მისი დაჭერა ერთნაირად სასარგებლოა გარემოსთვის,  სათევზაო ინდუსტრიისა და მომხმარებლისთვის.

რესტორატორებმა, ჩრდილეთ ამერიკელი დამპყრობელი ხელგაშლილად მიიღეს და ადგილობრივ დელიკატესად აქციეს.

ატლანტის ოკეანისთვის ჩვეული ლურჯი კიბორჩხალა ხმელთაშუა ზღვის სამზარეულოში შესაძლოა უცნაურად გამოიყურება, მაგრამ შეფმზარეული ამბობს, რომ ეს სახეობა ძალიან უხდება ზღვის სხვა პროდუქტებს – მისგან მზადდება როგორც მთავარი კერძი, ისე წვნიანი, ხემსი, აპერატივი, სოუსი და პაელა.

ალბერტ გუსმანი, რესტორან Albert Guzmán-ის შეფმზარეული:

„ჩვენ მივეჩვიეთ განსხვავებულ, უფრო ძვირ სახეობებს, როგორებიცაა ომარი ან ლანგუსტი, რომელიც ამ წყლებში არ იცის – და გალისიიდან უნდა შემოიტანო. ახლა კი გამოჩნდა ლურჯი კიბორჩხალა, რომელსაც იგივე არომატი და გემო აქვს – ასე რომ, დიდებული, ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტი გვაქვს ისეთ ფასში, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენნაირი რესტორნებისთვის, და ესეც კარგია.“

თუმცა აბეზარი კიბორჩხალა მხოლოდ კატალონიას არ აწუხებს. საბერძნეთში, ათენის დასავლეთით, ელევსინის ყურეში ადგილობრივი მეთევზე გიორგოს გრივასი რეგულარულად აგროვებს ორსარქველიან მოლუსკებს, რომლებიც თავადპირველად ინდოეთისა და წყნარი ოეკანის რეგიონისთვის იყო დამახასიათებელი. თუმცა მოგვიანებით ხმელთაშუა ზღვის ამ ნაწილშიც გავრცელდა სუეცის არხის გავლით – ზღვის ფაუნის არაენდემური სახეობები ხმელთაშუა ზღვაში ძირითადად სწორედ ამ გზით ხვდებიან.

ხანმოკლე ჩაყვინთვის შედეგადაც კი  ძალიან უხვი ნადავლი ამოდის.

გიორგიოს გრივასი, მარგალიტის  ხამანწკის მომპოვებელი:

„ეს არის ე.წ. მარგალიტის ხამანწკა – pinktada imbricata radiata. გარდა იმისა, რომ საკვებად გამოიყენება, მის ნიჟარაში ზოგჯერ მარგალიტსაც იპოვი. იგი შეიძლება მიირთვა როგორც ნედლი, ისე გამომცხვარი, მოთუშული ან შემწვარი, პასტასთან ან რისოტოსთან ერთად.“

მარგალიტის ხამანწკებს მეთევზეებისგან ადგილობრივი თევზეულით ბითუმად მოვაჭრეები ყიდულობენ -კილოს 5 ევროდ, მაგრამ ეს ვაჭრობა შეზღუდულია რეგულაციის ნაკლებობის გამო. ორსაგდულიანი მოლუსკებისა და სხვა მოთხოვნადი ადგილობრივი მოლუსკებისაგნ განსხვავებით, მარგალიტის ნიჟარები ეგზოტიკურ სახეობად ითვლება და საბერძნეთის კანონმდებლობა არ არეგულრიებს  ადამიანის მიერ  მათ საკვებად გამოყენების საკითხს.

ჯონი ამის შეცვლაზე მუშაობს. მისი კვლევა საბერძნეთში მარგალიტის ხამანწკის ლეგალიზების ინიციატივით გამოდის, რათა მათი მოპოვების დროს არც გარემო დაზიანდეს და უფრო მეტი ეკონომიკური ღირებულებაც შეიქმნას.

ჯონ თეოდორუ, პატრის უნივერსიტეტის ცხოველური პროდუქციისა და აკვაკულტურის განყოფილების ასოცირებული პროფესორი:

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მეთევზეებს შემოსავლის გაზრდის ალტერნატიულ გზას სთავაზობს. საქმე ისაა, რომ მოლუსკების მარაგს აზიანებს ჭარბი მოპოვება და კლიმატის ცვლილება.“

პატრის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, რომ მარგალიტის ხამანწკები საფრთხეს არ უქმნის  ენდემურ ჯიშებს და მათი მოპოვების ეკოლოგიური გზაც არსებობს. ამ მეცნიერებმა ახალი წესები და სტანდარტები შექმნეს ღირებულებათა სრული ჯაჭვისთვის – მოპოვების სპეციფიკით დაწყებული შენახვითა და ტრანსპორტირებით დასრულებული.

მარგალიტის ხამანწკის მომზადების რეცეპტებს უკვე სწავლობენ კულინარიულ სკოლებში და მალე საბერძნეთის მთელ სანაპიროზე შესთავაზებენ მომხმარებელს.

ელენი ლიაკეა, ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის პროფესორი:

„ხალხს ეს კერძი ძალიან მოწონს! მარგალიტის ხამანწკას მე უნივერსალურ საკვებსაც კი ვუწოდებდი  – ის მდიდარია პროტეინით, ძალიან მცირე რაოდენობით შეიცავს ნახშირწყლებსა და ცხიმს, თან ძალიან სურნელოვანია და გემრიელი.“

კანონმდებლობა აკვაკულტურასაც არ აწყენს.  საიადაში Sagiada, დასავლეთ საბერძნეთში,  ალბანეთის საზღვართან ახლოს, სპიროს სტასინოსი და მამამისი რამდენიმე ტონა მოლუსკს იღებენ წყალქვეშ მოთავსებული თოკებიდან.

მათ პრობლემებს მხოლოდ გამჭვირვალე ასციდია უქმნის, რომლის მოშორებაც გამუდმებით უწევთ თოკებიდან.    მაგრამ ეს ფერმერები წინააღმდეგი არ არიან, თუ ხანდახან თავიანთ ძირითად მოსავალში მარგალიტის ხამანწკასაც იპოვიან. მათი აზრით, ამ ხამანწკას სულ ადვილად გაყიდიან კდიეც, თუ ამ საკითხს კანონმდებლობა დაარეგულირებს.

სპიროს სტასინოსი,  კომპანია Stasinos Mussel & Oyster Farm-ის მფლობელი:

„მათი არც გამრავლება შეგვიძლია და არც გაყიდვა. ამიტომ მარგალიტის ხამანწკებს ძირითადად ჩვენთვის ვაგროვებთ, როდესაც წვეულება გვაქვს ან ვინმეს პატივისცემა გვინდა.“

აკვაკულტურის სექტორი საბერძნეთის ამ მხარეში ძალიან სწრაფად იზრდება. მოლუსკები და ხამანწკები წყალს ზედმეტად ნოყიერი საკვებისაგანაც ასუფთავებენ. გარდა ამისა, ორივე ძალიან ჯანსაღი საკვები პროდუქტია. ამიტომ მარგალიტის ხამანწკის მოყვანა შესაძლოა მშვენივრად აითვისოს ამ სექტორმა.

კოსტას პერდიკარისი, იქთიოლოგი/ეპირის რეგიონის თევზის რეწვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

“ეს სახეობა სწრაფად იზრდება, გემრიელია და გასაღების ბაზარიც არსებობს. ამიტომ მგონია, რომ ამ ახალი პროდუქტის კომერციალიზაცია  მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენ ვერ გავანადგურებთ ამ სახეობას, მათთან ერთად  ცხოვრება უნდა ვისწავლოთ, როგორც საზოგადოებამ ისე წარმოების სექტორმა.“

ხმელთაშუა ზღვაში ასობით არაენდემური სახეობის შემოჭრა ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ნამდვილად დიდ პრობლემას ქმნის – მაგრამ ეს შესაძლოა ახალ შესაძლებლობად იქცეს თევზის რეწვის სექტორისთვის, თუ იგი სიახლის ათვისებას და მისგან რაც შეიძლება მეტი სარგებლის მიღებას შეძლებს.

ავტორი: დენის ლოქტიე

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend