მთავარისაქართველოკანდიდატის სტატუსი - ქართველი პოლიტიკოსები კვლავ განცხადებებს აკეთებენ

კანდიდატის სტატუსი – ქართველი პოლიტიკოსები კვლავ განცხადებებს აკეთებენ

ევროკავშირი საქართველოს ევროპული მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს. იქამდე კი ქართულ პოლიტიკურ  სპექტრში ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს კვლავ აქტიურად განიხილავენ. ოპოზიციაში მოლოდინი აქვთ, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, თუმცა აღნიშნავენ, რომ კარგი ხელისუფლების პირობებში, პროცესი უფრო სწრაფად წარიმართებოდა.

„იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ევროკავშირში ქართველი ხალხის ნება იქნება გამჟღავნებული. ჩვენი გაწევრიანება მოხდება იმ ტრიოს ფარგლებში, რომლის საკითხიც იხილება ამ დღეებში“ , – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ.

პარტია „გირჩის“ წარმომადგენელი იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საკითხი დამოკიდებულია, ქვეყნის წარმატება-წარუმატებლობას აწმყოთი თუ წარსულით შეაფასებენ.

„თუ აწმყოთი შეგვაფასებენ, მაშინ, სამწუხაროდ, საამაყო ბევრი არაფერი გვაქვს, თუ წარსულსაც გაითვალისწინებენ, აქ შეგვიძლია, იმედი გვქონდეს იქიდან გამომდინარე, რომ არავისზე ნაკლები სისხლი ჩვენ ოკუპანტთან ბრძოლაში არ გვაქვს დაღვრილი და ამ ქვეყანაში არავისზე ნაკლები ევროპული აზრები და იდეები დაბადებულა“, – თქვა „გირჩის“ წარმომადგენელმა, იაგო ხვიჩიამ.

კანდიდატის სტატუსს მმართველ პარტიაშიც ელოდებიან, თუმცა გარკვეული პირობებით.

„იდეალური არც ერთი სახელმწიფო არ არის, ბუნებრივია. იქნება გარკვეული რეკომენდაციები, ისევე, როგორც ვენეციის კომისიამ ჩვენ მოგვცა ათი რეკომენდაცია, დაახლოებით, შვიდი თუ რვა უკვე შესრულებულია. რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, მე ველოდები და ბუნებრივია, რა თქმა უნდა, იქნება კანდიდატის სტატუსი, იქნება გარკვეული პირობებით და გვეტყვიან – იცი, რა? ეს გამოასწორეთ, ან იქნებ აქ რეფორმა განახორციელოთ. ბუნებრივია, ჩვენ ამას გავაკეთებთ. იმიტომ, რომ 2024 წლამდე ჩვენ გვქონდა მთელი რიგი ჩამონათვალი ინტეგრაციის გზაზე, დაახლოებით, 50%-მდე შესრულებულია. დანარჩენსაც ხომ უნდა გაკეთება. ბუნებრივია ჩვენ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, მივაღწევთ, რომ საქართველო გახდეს ღირსეული წევრი შემდეგ უკვე ევროკავშირის“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების განხილვამდე კი, 9 ივნისს, ევროპარლამენტმა კენჭი უყარა რეზოლუციას საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

ასევე ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუციის დოკუმენტი, სადაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებაზეა საუბარი.

მმართველმა პარტიამ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას არასამართლიანი და ქართველი ხალხისთვის შეურაცხმყოფელი უწოდა.

ანა ალელიშვილი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend