გერმანული გამოცემის „ბილდის“ ინფორმაციით, ივნისის ბოლოს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ფრანგ და იტალიელ კოლეგებთან ერთად, უკრაინის დედაქალაქ კიევში ვიზიტს გეგმავს. ომი დაწყებიდან დღემდე ისინი კიევში არ ჩასულან.
გავრცელებულ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ ამ ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მალე მიიღებს პასუხს უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს არა მარტო მის ქვეყანას, არამედ მთლიანად ევროკავშირს.
ზელენსკის აინტერესებს, კიდევ რა მოვლენები უნდა განვითარდეს ევროპაში, რომ სკეპტიკოსები მიხვდნენ, რომ უკრაინის ევროკავშირის მიღმა დატოვება ევროპისთვისვე იქნება დამაზარალებელი.
შაბათს, 11 ივნისს კიევში ვიზიტის ფარგლებში მყოფ ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მაიდანსა და ქალაქის ისტორიულ ნაწილში ექსკურსია მოუწყვეს.
ომის დაწყებიდან ეს მისი მეორე ვიზიტია უკრაინაში.
ბოლო ინფორმაციით, ფონ დერ ლაიენმა და ზელენსკიმ შეხვედრის დროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრების საკითხებზე იმსჯელეს.